როგორი იქნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - დაახლოებით 3 წლიანი განხილვის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით განაჩენი უნდა გამოაცხადოს.
მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველები სარჩელში სპეცოპერაციის არასწორ დაგეგმვაზე, ძალის გადამეტებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე აკეთებდნენ აქცენტს. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ განაჩენი ადეკვატური იქნება.
"ვითხოვდით სიცოცხლის უფლების დარღვევის აღიარებას. აქ იგულისხმებოდა თვითონ ამ სპეცოპერაციის დაგეგმვის კუთხით ხარვეზები, რაც გულისხმობდა იმას, რომ სპეცოპერაციის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული არ იყო სიცოცხლის ხელყოფის რისკების მინიმიზაციის სტრატეგიები. ამ საქმის შედეგთან მიმართებით მოლოდინები არის ძალიან მაღალი. გადაწყვეტილების შედეგი არის უმნიშვნელოვანესი იმის გამოსავლენად, რისთვისაც წლების განმავლობაში ეს ოჯახი იბრძოდა," - განაცხადა სტრატეგიული სამართლიანობის იურისტმა თამარ სამხარაძემ.