ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ანგარიში დაამტკიცა - დოკუმენტში ნათქვამია რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანელების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია. რეზოლუციაში საუბარია ევროკავშირის მიერ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის , საქართველოსთვის კი ევროპული პერსპეტქივის მინიჭების შესახებ.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი კომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტების დაცვის შემთხვევაში.
დოკუმენტში ნახსენაბია 2008 წელს განვითარებული მოვლენები, როდესაც საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, როდესაც რუსეთმა ევროპის სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი შეცვლა სცადა, რათა დაეკავებინა საქართველოს განუყოფელი ნაწილი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, განედევნა ასობით ათასი ადამიანი საკუთარი სახლებიდან .ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს განაგრძოს მოთხოვნა, რომ რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.