14 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ცნობილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე - რა განცხადებას აკეთებს მალხაზ მაჩალიკაშვილი

3-წლიანი განხილვის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ პროცედურულ ნაწილში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი , თუმცა კოლეგიის წევრი მოსამართლეების უმრავლესობის აზრით, ამავე მუხლის არსებითი ნაწილი, რაც უშუალოდ იმას ეხება, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ არასათანადო ლეტალური ძალა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, არ დარღვეულა.

სასამართლომ უარყო მომჩივნების საჩივარი არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის შესახებ. სასამართლომ საქართველოს მთავრობას აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირველი განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა. მომჩივანი მხარე ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას განაპირობებს საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობა და მათივე განმარტებით, ამის მიზეზი არის ის, რაზეც სტრასბურგის სასამართლომაც მიუთითა, ეს არის საქმეში პროცედურული დარღვევები.

"ისინი იძახიან ეს საქმე იქ არ არის გამოძიებული ეროვნულ სასამართლო დონეზე, ჩვენთან გამოძიება არ ჩატარებულა ამ საქმეზე, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია [ვთქვათ] სწორად მოხდა თუ დარღვევა არის. ამაზე არ საუბრობენ ისინი, პასუხისმგებლობას არ იღებენ," – აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ადვოკატის თამთა მიქელაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მათი მოსაზრებები მესამე მუხლთან დაკავშირებით არ გაიზიარა.

"მეცამეტე მუხლი, რომელიც ეფექტიანი დაცვის საშუალებებზე უფლებას გულისხმობს, სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის და გამოძიების სტანდარტების ნაწილი იყო და ამიტომ მისი ცალკე განხილვის საჭიროება სასამართლომ ვერ დაინახა.

რაც შეეხება უშუალოდ მესამე მუხლს, რომელიც სპეცოპერაციის დროს ოჯახის წევრების მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობაზე ვდაობდით და ვამბობდით, რომ ის ფორმა და მანერა, რითაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ღამით, ამ ოჯახის წევრების იზოლაციით რამდენიმე საათის განმავლობაში, მათზე იარაღის მიბჯენით და იატაკზე იწვნენ ისინი - ამ ნაწილში ჩვენი მოსაზრებები არ გაიზიარა სასამართლომ," - აცხადებს ადვოკატი თამთა მიქელაძემ.

დღის ამბები