18 მაისი 2024,   23:11
ვრცლად
თავდამსხმელს საგარეჯოში ცხოვრების 5 წლის მანძილზე კონფლიქტი არავისთან ჰქონია - რა ვითარებაა ტრაგედიის ადგილზე

თვითმხილველები, ვინც საგარეჯოში მომხდარ დანაშაულს უშუალოდ შეესწრნენ, ამბობენ, რომ ეს არ იყო მოკლევადიანი ინციდენტი და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდამსხმელი ჯერ კორპუსის მესამე სართულიდან, საკუთარი ბინის აივნიდან ხსნიდა ცეცხლს, შემდგომ იყო გარკვეული პაუზა, ხოლო როცა ვინმე ცდილობდა, რომ დაშავებულს დახმარებოდა, თავდამსხმელი კვლავ აგრძელებდა სროლას. ამ პერიოდის განმავლობაში აქ მოდიოდნენ პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, თუმცა ცეცხლი იყო მათი მიმართულებითაც და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ საჭირო გახდა სპეცრაზმის გამოძახება.

თავდამსხმელს, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი რაოდენობით ვაზნები ჰქონდა მომარაგებული, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილვის კვალი კი ყველაფერს ეტყობა.

სპრეცრაზმის მოსვლის შემდეგ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მეზობლები ჰყვებიან რომ თავდამსხმელის შესახებ მათ ბევრი ინფორმაცია არ ჰქონიათ. იგი მათთან არ კონტაქტობდა და მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა. ასევე აღნიშნავენ, რომ მის ქცევაში არ იყო გამოკვეთილი რაიმე სახის პრობლემა, რაზეც შეიძლებოდა რომ კითხვები გასჩენოდათ. 5 წლის განმავლობაში, რაც მან კორპუსში ბინა შეიძინა, კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

რაც შეეხება გარდაცვლილ შსს-ს თანამშრომელს - ოთარ ღვინაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც დაჭრილების დასახმარებლად მივიდა და საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

საგამომძიებლო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით არ არსებობს ოფიციალური ვერსია შესაძლო მოტივებთან დაკავშირებით, თუმცა შემთხვევა შესაძლოა პოსტ-ტრავმული შოკით გამოწვეულ ფსიქიკურ პრობლემებს უკავშირდებოდეს.

დღის ამბები