27 აგვისტო 2026,   01:38
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მორიგ პროცესზე "ემპათიის" ნევროლოგი იკითხება

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი ამ წუთებში ტარდება. იკითხება ცენტრ "ემპათიის" ნევროლოგი.

ოთარ თოიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და ეს ასე დარჩება, სანამ მას ადეკვატური მკურნალობის საშუალება არ მიეცემა. როგორც თოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიზეზი შიმშილობა და შემდგომ მკურნალობის არათანმიმდევრული პროცესია.

სხდომას დისტანციურად არ ესწრება მიხეილ სააკაშვილი. მისი პოზიცია მოსამართლემ პროცესის დასაწყისში გააცნო საზოგადოებას. ექსპრეზიდენტი წერს, რომ გუშინ ღამე გონება დაკარგა და დაეცა.

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, პროცესები იწელება, რადგან ერთი სხდომა ფაქტობრივად მხოლოდ ერთი ადამიანის დაკითხვას ეთმობა.

"გუშინ ისევ წაუვიდა გული. ერთ დღეში დაკარგა ერთი კილო. ძალიან სუსტად არის და ეს კიდევ იწელება, ფაქტობრივად ერთი სხდომა უნდება ერთი ადამიანის დაკითხვას, 100 კაცი ჰყავთ კიდევ დასაკითხი," - ამბობს ალასანია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, საექსპერტო დასკვნაში ნახსენები წამება არ არის სისხლის სამართლის კვალიფიცირების მიმნიჭებელი ტერმინი, რაზეც ექსპერტმა ისაუბრა.

"ექსპერტი დაიკითხა ორივე მხარის მიერ. მან კიდევ ერთი ახალი დიაგნოზი დაასახელა. ასევე, მან ისაუბრა მიყენებულ ტრავმაზე და მიუთითა, რომ საექსპერტო დასკვნაში ნახსენები სიტყვა წამება გამომდინარეობს საერთაშორისო კოდებიდან და ეს არ არის სისხლის სამართლის კვალიფიცირების მიმნიჭებელი ტერმინი," - თქვა ხაჭაპურიძემ.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მათი პოზიციაა რომ სააკაშვილის დაავადებების მართვა, რომელთა ნაწილიც თვითდაზიანებებით არის გამოწვეული, საქართველოს ტერიტორიაზეც სავსებით შესაძლებელია.

"ბატონი ოთარ თოიძე საუბრობდა ბუნებრივია ნევროლოგიის საკითხებზე, თუმცა მან ასევე ისაუბრა ფსიქიატრიულ საკითხებზე, თუმცა როდესაც ჩვენ დაკონკრეტება ვთხოვეთ, კონკრეტულად ამ ფსიქიატრიულ საკითხებთან დაკავშირებით, მან თქვა რომ - ნუ, ეს ფსიქიატრს უნდა ჰკითხოთ. ასევე საუბარი იყო მისი მხრიდან დამაჯერებლად რომ თითქოს მოხდა ინტოქსიკაცია-მოწამვლა, შემდეგ როდესაც დამაზუსტებელი შეკითხვები დავუსვით მან განაცხადა რომ - იცით რა, ჩვეულებრივ ხდება ხოლმე რომ ამის გამომწვევი მიზეზი ვერ იპოვეს. პოზიცია არის ის რომ მისი დაავადებების მართვა, რომელიც ბევრწილად მისი თვითდაზიანებებითაც არის გამოწვეული, რომ არ იღებს საკვებს თუ მედიკამენტებს, არის სავსებით შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიაზე," - აცხადებს ნიკოლაიშვილი.

 

დღის ამბები