17 მაისი 2024,   10:11
ვრცლად
იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და სამუშაოების დასაწყებად, ჯამში, 20 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა

იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და სამუშაოების დასაწყებად ჯამში ოც მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

მუნიციპალიტეტები სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 19 მილიონ 695 ათას ლარს მიიღებენ. უშუალოდ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციისთვის კი ცალკე სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა მილიონ 470 ათასი ლარი.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, გამოყოფილი თანხა დღევანდელი მონაცემებით ცნობილი ზარალის ასანაზღაურებლად საკმარისია, დამატებითი საჭიროებების გამოვლენის შემთხვევაში კი იგი დაკორექტირდება.

"თანხა, ფაქტობრივად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოყოფილია, შესაბამისად ეს სამუშაოები უკვე დაიწყება, იმისდა მიხედვით რომელ რეგიონში რა მოცულობით არის ზიანი მიყენებული. მე როგორც მოგახსენეთ, ეს პირველადი შეფასებაა, რომ დაახლოებით 4 ათასი სახლია დაზიანებული და საჯარო შენობა არის დაახლოებით 300-მდე, ამ მიმართულებით უკვე დაიწყება სამუშაოების განხორციელება. ჯამში მოცულობა არის 20 მილიონი ლარი, რომელიც ასევე წინასწარი შეფასებაა და დღევანდელი შეფასებით სრულად ეყოფა იმ მოცულობის ზიანს, რა ზიანიც არის მიყენებული იმერეთში, სამეგრელოში და გურიაში.

იმ შემთხვევაში თუ დამატებითი დაფინანსების საჭიროება დადგება, უკვე ფაქტობრივი შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, ბუნებრივია ეს მიმდინარე სამუშაო პროცესში დაკორექტირდება," - განაცხადა ხუციშვილმა.

დღის ამბები