15 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
არ ვიცი რა ავტომობილით გადაადგილდება, რა საჩუქარი მიიღო-არ მიიღო, სად დააყენა და როგორ, ეგ არ არის ჩემთვის საინტერესო - ლევან ხაბეიშვილი მელიასთვის ნაჩუქარ ავტომობილზე

დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს წინასაარჩევნო მზადება ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" - ოპონენტები ერთმანეთს ბინძური კამპანიის წარმოებასა და ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. დაპირისპირების თემა ის ავტომობილია, რომელიც კეზერაშვილმა მელიას გაუგზავნა და რომლითაც პარტიის თავმჯდომარე გადაადგილდებოდა. 

ხაბეიშვილის ფრთა მელიას ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს და საჩუქრებს ახსენებს. ნიკა მელიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც კონკრეტული ავტომობილის საკითხს შეეხება, მელიას მთავარი კონკურენტი პასუხობს. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მასთან კითხვები აქვს.

"არ ვიცი რა ავტომობილით გადაადგილდება, არც მაინტერესებს, რა საჩუქარი მიიღო-არ მიიღო, სად დააყენა და როგორ. ეგ არ არის ჩემთვის საინტერესო. საზოგადოებას თავად უპასუხოს თუ ფიქრობს, რომ ეს მისთვის პრობლემაა ან ვინმე დისკრედიტაციას ცდილობს მისას. რახან გაავრცელა facebook პოსტი - ანუ აწუხებს, მე ეგ არ მაინტერესებს.

მე მაინტერესებს 2 თემა: საქმიანად უპასუხოს "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს და იმსახურებს "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი იცოდეს, როცა ლაპარაკობს, რომ კეზერაშვილმა მოთხოვა კობა ნაყოფიას გადადგომა მაშინ კობა ნაყოფიამ რომ თქვა, რომ რამდენიმე კვირის წინ შეხვდა დავით კეზერაშვილს 2-ჯერ - რაზე ისაუბრეს, ეს მოუყვეს საზოგადოებას; მეორე - რატომ იყო წინააღმდეგი მიშა სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობიდან" ყოფილიყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და რატომ იმუქრებოდა პარტიიდან წასვლით," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა.

პარტიაში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. მისი განმარტებით, შიდაპრტიული დაპირისპირება ნეგატიურად იმოქმედებს ამომრჩევლის დარწმუნებაზე. ის იმედოვნებს, რომ პარტიული დავა არჩევნების შემდეგ დასრულდება.

"ჩემთვის წარმოუდგენელია ის დაპირისპირება, რომელსაც მე დღეს ვუყურებ. არ მჭირდება ახლა იმის მტკიცება, რომ მე ამ ადამიანებთან ერთად ყველასთან ერთად ძალიან დიდი ხანია ამ ბრძოლაში ვარ, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთბრალდებების თემა შეწყდება.

ვფიქრობ, რომ როდესაც ამომრჩეველი ხედავს რომ ერთმანეთს არ ვინდობთ, ძალიან რთული იქნება გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დარწმუნება, ამიტომ ეს უნდა შეწყდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ იმ ადამიანს, რომელიც გაიმარჯვებს არჩევნებში ეყოფა ის უნარი, რომ გააერთიანოს პარტია," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები