თელავის საკრებულომ მხარი დაუჭირა ცვლილებას მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რაც მუნიციპალიტეტის მერიაში თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრავს უკავშირდება. ცვლილება გულისხმობს, რომ მერს 500 ლარით გაეზარდა ხელფასი, საკრებულოს თავმჯდომარეს კი 450-ით. რაც შეეხება სხვებს, მათი ხელფასი რანგირების შესაბამისად განისაზღვრა.
ამ პროექტს მხარი არ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ".
"ქვეყანაში არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ამას მოწმობს ის, რომ თელავის მუნიციპალიტეტს უიმედობის, უპერსპექტივობის და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ყოველდღიურად ტოვებს ძალიან ბევრი ადამიანი," – ამბობს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე გიგი გიგიტელაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით უპრეცენდენტო თანხების ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. საუბარია წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე.
"თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს უპრეცენდენტო თანხების ინფრასტრუქტურული პროექტები. გზებიც იმიტომ გახლავთ გადათხრილი, რომ საუკუნის პროექტი მიდის - თელავის წყლის სისტემის რეაბილიტაციის, რომლითაც ყველა თელაველი გაიხარებს და წყლის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება" - განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.