24 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 14 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 14 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი - 1981 წელს დაბადებული ბ.ა., 1972 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1992 წელს დაბადებული გ.ი. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ბ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 16 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ნ.ვ.-ის სახლიდან კი ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი და 20 ვაზნა. რაც შეეხება გ.ი.-ს, სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ჯ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული გ.კ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა. ამავე ბრალდებით, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული ნ.ჭ. დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ცალი ვაზნა ამოიღო.

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ლენტეხის რაიონული სამმართველოს, ონის რაიონული სამმართველოს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა-გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1957 წელს დაბადებული ა.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 1979 წელს დაბადებული ი.ჩ.-ის საცხოვრებელი სახლიდან კი ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ასევე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ვაზნა ამოიღეს.

რაც შეეხება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მიერ დაკავებულ, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევ, 1950 წელს დაბადებულ ჯ.ბ.-ს, პოლიციამ განახორციელა იარაღის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რითაც დადასტურდა დაკავებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო რეალიზაციის ფაქტი. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ გაყიდული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 115 ვაზნა, იარაღის რეალიზაციის შედეგად აღებული თანხა, ასევე, აირხმოვანი პისტოლეტი და "გეკოს" ტიპის შაშხანა.

ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1968 წელს დაბადებული გ.ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 67 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ხ. და 1984 წელს დაბადებული გ.პ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სხვადასხვა დროს დააკავეს.

სამართალდამცველებმა შ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ორი ცეცხლსასროლი იარაღი და 106 საბრძოლო ვაზნა.
ხოლო გ.პ-ს საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია პისტოლეტი, ორი ვაზნა , "გეკოს" ტიპის შაშხანა, ასევე სანადირო თოფი.
ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ო.ფ.

სამართალდამცველებმა ბათუმში ო.ფ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და სამი ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს," - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები