15 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ევროკავშირის ქვეყნები ბრიუსელს მოუწოდებენ, მოთოკოს უკრაინის ევროკავშირთან დაკავშირებული არარეალისტური იმედები - The Financial Times

"ბრიუსელს მოუწოდებენ მოთოკოს უკრაინის ევროკავშირთან დაკავშირებული არარეალისტური იმედები" - აღნიშნული სათაურით სტატიას გამოცემა The Financial Times აქვეყნებს.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გააფრთხილეს ბრიუსელი, რომ მან არ მისცეს უკრაინას არარეალისტური იმედები ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების კუთხით იმ ფონზე, რომ მიმდინარე კვირაში ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენსა და შარლ მიშელს შეხვდება.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მაღალჩინოსანი დიპლომატები ფიქრობენ, რომ უკრაინის მიუღწეველ მოლოდინებს, მათ შორის 2026 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას, ბრიუსელში მყოფი მაღალჩინოსნები ასხამენ ფრთებს.

"არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ სურს, ისტორიის არასწორ მხარეზე იყოს. არავის სურს, მას დააბრალონ, რომ საკმარისი არ გააკეთა, ამიტომ ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი შესაძლებელია," - ამბობს ერთ-ერთ დიპლომატი.

იმის ფონზე, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უკრაინის მოთხოვნებს უჭერენ მხარს, ცალკეული ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება უკრაინის მსხვილი, ღარიბი მოსახლეობისა და ფართო სოფლის მეურნეობის ინტეგრაცია ევროკავშირში. გასული წლის მაისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შესაძლოა "რამდენიმე ათწლეული" გაგრძელდეს.

ევროკავშირის ლიდერები ოპტიმისტურ ტონს ინარჩუნებენ. სექტემბერში ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს. შარლ მიშელის თქმით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხრივ უნდა გადაიდგას ყველა შესაძლო ნაბიჯი, "რათა ეს დაპირება რეალობად რაც შეიძლება სწრაფად იქცეს“. ამ რიტორიკამ შექმნა კიევში მოლოდინი, რომ უკრაინა იმსახურებს განსაკუთრებულ პრივილეგიებს და ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას. უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით „2-წლიანი პერიოდი აქვს წარმოდგენილი".

„უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის მინიჭების საკითხში სწრაფი გზა არ იქნება. არსებობს რისკი, რომ რიტორიკა რეალობას არ დაემთხვეს“, - აცხადებს კიდევ ერთი ევროპელი დიპლომატი.

არაერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა უთხრა Financial Times-ს, რომ ევროკომისიამ უფრო ნათლად უნდა განუცხადოს უკრაინას, რომ გაწევრიანების შესახებ ფორმალური მოლაპარაკებების დასაწყებად უზარმაზარი ბარიერები არსებობს, რომელთა გადალახვასაც ათი ან მეტიც წელი შეიძლება დასჭირდეს.

"დაპირებებსა და რეალობას შორის შუალედი იზრდება. მივედით ისეთ მომენტამდე, როდესაც ეს შუალედი ძალიან დიდი გახდა. როგორც ჩანს, მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ ხვალვე ევროკავშირის წევრები გახდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ასე არაა." - აცხადებს გამოცემასთან საუბარში მესამე ევროპელი დიპლომატი“, - აღნიშნულია სტატიაში.

დღის ამბები