08 მაისი 2024,   23:52
ვრცლად
ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე აშშ და საქართველო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მხარეები უფრო მეტად აძლიერებენ სამართალდამცავ და მართლმასჯულების ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობას.

"საკითხზე მოლაპარაკებები სამი დღის განმავლობაში თბილისში იმართებოდა. ორმხრივ ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებისა და რატიფიკაციის შემდეგ, აღნიშნული ხელშეკრულება სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავე პირთა მართლმსაჯულების წინაშე ეფექტურად წარდგენას," - წერია განცხადებაში. 

აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. 

"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ, ჩემს კოლეგებთან ერთად შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტიდან და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან, რათა გადავიდეთ აშშ-საქართველოს სამართალდამცავი სექტორების თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე.

მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მრავალი ათეული წლის განმავლობაში გრძელდება როგორც სასამართლო, ისე სამართალდამცავ სექტორებში ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად და დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის უზრუნველსაყოფად.

დღევანდელი მოლაპარაკებები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების შესახებ ამ პროცესს შემდეგ საფეხურზე გადაიყვანს და გაგვიადვილებს და გააფართოებს ჩვენს თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა როგორც საქართველოს, ისე შეერთებული შტატების სასამართლო სისტემაში,"- აცხადებს კელი დეგნანი. 

დღის ამბები