07 მაისი 2024,   02:54
ვრცლად
რა განაცხადა ქვეყნის მთავარმა ძებნილმა სასამართლო პროცესზე და ვის სახელზე ჰქონდა მას ე.წ. აფხაზური პასპორტი - ახალი დეტალები ბადრი ესებუას საქმეში

ჩართვა ბათუმის ციხიდან - ზუგდიდში გამართულ სასამართლო პროცესზე ბადრი ესებუამ დაკავების შემდეგ პირველი განმარტება "სკაიპით" გააკეთა. ბანკის ყველაზე ცნობილი ქართველი მძარცველი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიიჩნევს, რომ დისტანციურ საუბარს აზრი არ აქვს და ასე თავს ვერ დაიცავს. მთავარი პროცესი 20 თებერვალს შედგება. 10 დღეში ბრალდებულს უფრო ვრცლად მოუწევს მოყოლა, სად და როგორ იმალებოდა 2 წელი და 3 თვე. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ესებუას ჩანთაში ანჩაბაძეს გვარით აფხაზური პასპორტი ედო.

ბესლან ანჩაბაძე - ამ სახელით და გვარით ბადრი ესებუას რამდენჯერმე აქვს გადაკვეთილი ე.წ. საზღვარი. რა მიზეზით მოუწია მას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება? - ამაზე ჯერ არც ბრალდებული და არც მისი დაცვის მხარე საუბრობენ. ყალბი პასპორტის გარდა ესებუას ჩანთიდან ამოღებულია: ათეულობით ვაზნა, სამხედრო ფორმა, მაჯის საათი, კბილის ჯაგრისი, სათვალე და ტელეფონის დამტენი, თუმცა გამოძიების ინფორმაციით, დაკავებისას მას დიდი რაოდენობით რუსული რუბლიც ჰქონდა.

ადვოკატი ამბობს, რომ ესებუა 2 წლისა და 3 თვის განმავლობაში ძირითადად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა მცირე ხნით გადასული იყო ოკუპირებულ აფხაზეთში.

დღევანდელ პროცესს ბადრი ესებუას ორივე მშობელი ესწრებოდა. ოჯახისთვის ყველა წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა.

გამოძიება ესებუას ოთხ მძიმე დანაშაულთან ერთად კიდევ ერთს - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები