05 მაისი 2024,   11:22
ვრცლად
რას ამბობს პროფესორი, რომელმაც მკითხავს, ჯადოს მოსახსნელად, 17 500 დოლარი მიაბარა - P.S.-მა ჩვენება მოიპოვა

მრავალშვილიანი დედა თაღლითობაშია ბრალდებული. ალექსეევკის დასახლებაში მცხოვრებ 35 წლის ზოია ლუპაშენკოს პატიმრობა ემუქრება. ბრალდებული მკითხავია, თანაც, როგორც ირკვევა, საკმაოდ მეძვირე. სიუჟეტი სტანდარტულია, ოჯახური პრობლემების გამო, ქალი მკითხავთან მიდის, მას აჯერებენ, რომ ჯადო აქვს და ამის შემდეგ, ფსიქოლოგიური ტერორიც იწყება. თაღლითობაში დადანაშაულებული ნათელმხილველი მსხვერპლთან ჯერ ნდობაში შედის, შემდეგ კი ჯადოს მოხსნის ე.წ. მომსახურეობაში 12 500-ს დოლარს და ძვირფასეულობას სთოვს - ართმევს და უჩინარდება.

თაღლითობის მსხვერპლი ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი ქალია, რომელმაც, ჯამში, 17 500 დოლარის ოდენობის ზარალი ნახა.

საქმეში სამართალდამცველების ჩართვის შემდეგ, ნათელმხილველი დააკავეს, ცოტახანში კი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გამოძება გრძელდება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 შვილის დედას - 6 და 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

"კურიერი P.S.-მა" დაზარალებული პროფესორის ჩვენება მოიპოვა, სადაც ქალი წერს: 

"მე ვარ მორწმუნე მართლმადიდებელი. ადრე, სანამ ამ ქალბატონს შევხვდებოდი, მკითხავები საერთოდ არ მაინტერესებდა. მაგრამ მან რაც მითხრა, დაემთხვა ჩემს მდგომარეობას, რის გამოც მის მიმართ გამიჩნდა ნდობა და ინტერესი... მითხრა, რომ ჯადოს მოსახსნელად დასჭირდებოდა ფული და ძვირფასეულობა. მე მას, ამ მიზნით, გადავეცი 12 500 დოლარი და ოქროულობა, ჯამში 17 500 დოლარის ოდენობით. მას შემდეგ ის კონტაქტზე არ გამოდიოდა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა".

ბრალდებულის ადვოკატი, ოთარ სუყაშვილი ამბობს, რომ სისხლის სამართლის ნიშნები არ იკვეთება. 

"კლიენტმა მიმართა მკითხავს, მას ჰქონდა  ჯადო და ჯადოს მოსახსნელად შელოცვა უნდა მომხდარიყო.  მოცემულ შემთხვევაში არის 2 ადამიანს შორის გარიგება , სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები. გამოძალვას და თაღლითობას ადგილი არ ჰქონია, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მიუტანა დაზარალებულმა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის, მას მკითხაობაში უხდიდა გარკვეულ თანხას.

რაც შეეხება 12 500 აშშ დოლარს და ოქროს ნივთებს, რომლებიც მიაბარა გარკვეული პროცედურისთვის, როგორც დაზარალებული ამბობს, ჯადოს მოხსნისთვის. ეს ფულადი თანხა და ოქროს ნივთები უნდა ყოფილიყო მკითხავთან ორი დღის განმავლობაში და შემდგომში უნდა მომხდარიყო მისი დაბრუნება,"-აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი. 

დღის ამბები