საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერძენ კოლეგას შეხვდა. მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრის დროს ილია დარჩიაშვილმა და ნიკოს დენდიასმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, აქცენტი გაკეთდა ტურიზმისა და ვაჭრობაზე.
"მივესალმეთ წარმატებულ თანამშრომლობას, ხაზი გავუსვით ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის საჭიროებას, მათ შორის ყურადღება გავამახვილეთ ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებზე.
მინისტრ დენდიასს მივაწოდე ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების, ასევე 2022 წლის ივნისში ევროპული საბჭოს მიერ მიღებული 12 პრიორიტეტის შესრულების მიზნით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების და გატარებული რეფორმების თაობაზე.
ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობაზე," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.