აშშ-ის დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრობს, მის კომენტარს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
"გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას.
შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღვწიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას]." - თქვა ნედ პრაისმა.
მოძრაობამ "ხალხის ძალა", "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. მისი მიზანი, ავტორების განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ხალხის ძალის წევრების განცხადებით, უცილებელია, ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც განსაზღვრავს უცხოური აგენტის ცნებას, უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციას და საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებულ საკითხებს მოაწესრიგებს.