დღეს საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება. მინისტრის სიტყვით გამოსვლას დაესწრება ოპოზიციური სპექტრის ნაწილი.
მმართველი გუნდის ოპონენტები კითხვებს შავი ზღვის უსაფრთხოების, სამინისტროს წლიური საქმიანობისა და დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ არსებული სტატისტიკის შესახებ დასვამს.
კითხვების დასმისთვის ემზადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია.
"რასაკვირველია ყურადღებით მოვუსმენთ და ვეცდებით ჩვენი შეკითხვები იყოს ადეკვატური, იქიდან გამომდინარე, რასაც მოვისმენთ. ვემზადებით ჩვენი პოზიციების დასაფიქსირებლად სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებასთან დაკავშირებით. მინისტრთან ალბათ მექნება შეკითხვა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი უწყების მუშაობას დადებითად აფასებენ და ოპონენტებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
"რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი. უსაფრთხოების თემები არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, გლობალურ პოლიტიკაზე შეიძლება ვისაუბროთ, კონკრეტულ თემებზე შეიძლება ვისაუბროთ და ალბათ უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ ოპოზიციას, რომელმაც უნდა დასვას შეკითხვები," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.