"ხალხის ძალა" "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ" კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს პარლამენტში უახლეს დღეებში დააინიცირებს. დოკუმენტის შექმნის მიზეზად, რომელიც კანონმდებლების განმარტებით, ამერიკაში მოქმედი კანონის ზუსტი ანალოგიაა, კანონპრეოქტის პირველანდელ ვერსიასთან მიმართებით საზოგადოებისა და ოპოზიციის მძაფრი კრიტიკა სახელდება.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციის დიდი ნაწილი არც ალტერნატიულ კანონპროექტს ემხრობა და მის საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობაზე საუბრობს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დისკრედიტაცია სურს.
"ამერიკის კანონი მუშაობს ამერიკაში, როგორც შემდგარ დემოკრატიაში, სადაც ლობიზმს ეხება კანონი და არა იმას, რაზეც საუბრობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. "ქართულ ოცნებას" სურს რომ დისკრედიტაცია მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის. ეს არის მიზანი ამ ინიციატივის," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
"თუ ჩვენ ვსაუბრობთ ლობისტურ კომპანიებზე და არა არასამთავრობო კომპანიებზე, პირიქით ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენ გავაკეთებთ ლობიზმის ლეგალიზაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია. ხოლო, თუ ამ ტერმინს მივცემთ სრულიად გაუგებარ განმარტებას და გავავრცელებთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რაც ამერიკულ კანონმდებლობასთან არანაირ კავშირში არის, მაშინ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დავუჭერთ,“ - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის ნაწილი.
"ამ კანონპროექტის ირგვლივ სრული ისტერია აქვს იმ ადამიანებს, ვის უმეტესობასაც საერთოდ წაკითხული არ აქვს კანონი. უპრიანი იქნებოდა, ჯერ წაეკითხათ და მერე გაეკეთებინათ არგუმენტირებული შეფასებები. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის მაღალი დონის დაჭერა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის ნაწილი, მარგამ ვფიქრობ, სანქციების ნაწილი პასუხისმგებლობის გამკაცრება არ უნდა იყოს რელევანტური," - ამბობს რატი იონათამიშვილი.