04 მაისი 2024,   14:29
ვრცლად
"ჩემი ოჯახის წევრებისთვის ფულადი თანხა ან სხვა რაიმე საჩუქარი არ გაუკეთებია" - "დილის კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა იმ პირთა ჩვენებები, ვის სახლშიც ბადრი ესებუა დააკავეს

"დილის კურიერმა" ექსკლუზიურად, ბადრი ესებუას საქმის მასალები მოიპოვა. ჩვენებებში წერია, რომ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული 2 წლის განმავლობაში ტყეში, სოხუმში, ზუგდიდსა და ბათუმში იმალებოდა.

გვეჯე, იგივე ომიანე ჯიქიას ოჯახი, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, ყვება, რომ ძებნილი ღამით გადაადგილდებოდა და მათ საცხოვრებელ სახლში პერიოდულად რჩებოდა. მოწმეების თქმით, მოპარული თანხიდან ბრალდებულს მათთვის ფულადი საჩუქარი არ გაუკეთებია - ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია 1,200 დოლარი, 2,200 ლარი და 295 000 რუსული რუბლი.

ჯიქიების თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ესებუას თან პისტოლეტი ჰქონდა, თუმცა არაფერი იცოდნენ იმ შეიარაღებაზე, რაც ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. გვეჯე ჯიქია თქმით, ბადრი ესებუას საძინებელი ოთახიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ შეიარაღებას შორის იყო პისტოლეტი მჭიდით, რომელსაც ერთი ვაზნა ლულაში ჰქონდა.

რა წერია ჩვენებებში:

"ბადრი ესებუა ძებნილად ყოფნის პერიოდში ჩემ სახლში იმყოფებოდა 4-ჯერ.
… ჩემ საცხოვრებელ სახლში რჩებოდა ერთი ან ორი დღით, რის შემდეგაც მიდიოდა ჩვენთვის გაურკვეველი მიმართულებით. მითხრა, რომ გარკვეული პერიოდი გადასული იყო აფხაზეთში და იმყოფებოდა სოხუმში.
... 6 თებერვალს ბადრი მოვიდა. 8 თებერვალს ბადრი ჩემ სახლში პოლიციამ დააკავა. ჩხრეკის შედეგად, ესებუას საძინებლიდან ამოიღეს პისტოლეტი მჭიდით, მასში მოთავსებული 8 ცალი ვაზნით, ხოლო ერთი ვაზნა ჰქონდა ლულაში.
...ლოგინზე იდო ტელეფონი, ელემენტის გარეშე. ძირს მიმოფანტული იყო დამტვრეული ტელეფონი. ბადრის ზურგჩანთიდან ამოიღეს ერთი ცალი მჭიდი, მასში იყო 8 ცალი ვაზნა. ასევე, 12 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, 20 ცალი 50 ლარიანი, სულ 2200 ლარის ოდენობით და 59 ცალი 5000 რუსული რუბლი, სულ 295 000 რუბლის ოდენობით. ჩანთიდან ამოიღეს ვაზნები და პასპორტი. ოდაში, ამოიღეს მინის ქილა, რომელშიც ჩვენი ოჯახის კუთვნილი 1380 ლარი იყო.
…7 თებერვალს ბადრიმ მითხრა, რომ გააჩნდა პისტოლეტი.
… მან მითხრა, რომ ხან იმყოფებოდა ზუგდიდში, ხან ბათუმში და სოხუმში.
… ბადრი ესებუას, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ფულადი თანხა ან სხვა რაიმე საჩუქარი არ გაუკეთებია," - ნათქვამია გვეჯე ჯიქიას ჩვენებაში.

"2023 წლის იანვარში ბადრი მესამედ მოვიდა ჩვენთან. ღამე გაათენა ჩვენს ოჯახში და საღამოს წავიდა. იგი მოდიოდა შუაღამეს მარტო და მიდიოდა ჩვენი სახლიდან ისევ შეღამებულზე.

...მე ვეკითხებოდი ყოველ მოსვლაზე, რომ პრობლემა ხომ არ შეექმნებოდა ჩვენს ოჯახს მისი ვიზიტით, მაგრამ მეუბნებოდა, რომ დიდხანს არ დარჩებოდა და აღნიშნულით მამშვიდებდა. მე 2023 წლის 6 თებერვალს ვკითხე მას თუ სად იმალებოდა ის ძირითადად და მან მითხრა, რომ ძირითადად იმალებოდა ტყეში, თუ სად, არ დაუკონკრეტებია," - აღნიშნულია ზოია ჯიქიას ჩვენებაში.

დღის ამბები