15 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
ანდრეი კასიანოვი: უკრაინული დროშები, რომლებიც საქართველოში ქართული დროშის გვერდითაა აღმართული, არის სოლიდარობის დასტური, რაც სისხლიანი პუტინის წინააღმდეგ გვაერთიანებს

საქართველოსა და უკრაინას საერთო მტერი ჰყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს, ეს არის ის, რატომ იღებენ ჩვენი ქვეყნები საერთო პოზიციებს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, რათა დაძლიონ რუსეთის პოზიცია და აღადგინონ ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ანდრეი კასიანოვის თქმით, უკრაინული დროშები, რომლებიც საქართველოში ქართული დროშის გვერდითაა აღმართული, არის სოლიდარობის დასტური, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს სისხლიანი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.

"რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული აგრესიიდან ერთი წელი გავიდა. უკრაინელი ხალხისთვის ეს წელი გახდა განსაკუთრებით რთული. ჩვენ დავკარგეთ საუკეთესო მოქალაქეები  რუსეთის სისხლიანი ოკუპაციის შედეგად. არავინ დაინდეს, არც ქალები, არც ბავშვები, არც ახალგაზრდები, მაგრამ უკრაინამ შეძლო ამ ყველაფერთან გამკლავება. უკრაინელი ხალხი არის გაერთიანებული იდეის გარშემო და მიზნად ისახავს, გადალახოს პრობლემები," – აღნიშნა კასიანოვმა.

ამასთან, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის თქმით, დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არა მხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი უკრაინის გამარჯვებაზე დგას.

"ჩვენ ვიღებთ უპრეცედენტო დახმარებას, რომელიც გამოიხატება ფინანსური და ეკონომიკური, სხვადასხვა რესურსის მოწოდებით. აგრეთვე, იმ მოქალაქეებისადმი ჰუმანიტარულ  დახმარებით, რომელთაც მოუწიათ საკუთარი სახლების დატოვება რუსეთის ბარბაროსული ომის დროს. თქვენი და ჩვენი მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს. ამიტომაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენი ქვეყნები იღებენ საერთო პოზიციებს, რათა დაძლიონ რუსეთის პოზიცია, აღადგინონ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

ქართველი მებრძოლები დგანან უკრაინელი ჯარისკაცების გვერდიგვერდ და აქტიურად იცავენ ქვეყანას, ცდილობენ, გაანადგურონ ოკუპანტები. ხალხი, მთავრობა, საჯარო ადმინისტრაციები, კერძო სექტორი, საქართველოს ეკლესია უზრუნველყოფენ თავშესაფარს იმ ხალხისთვის, ვისაც მოუხდა საკუთარი ქვეყნის დატოვება. ეს გამოიხატება ჰუმანიტარული დახმარებითაც. საქართველოში არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით, გურიიდან ერთი რიგითი მასწავლებლის, ლადო აფხაზავას ორგანიზებით, მოხერხდა, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვდა 700 ათასი დოლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. უკრაინელ ბავშვებს ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრებათ საქართველოს ეკლესიის მიერ ორგანიზებული სარეაბილიტაციო დახმარება. ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოში აღმართულია ქართული დროშის გვერდზე, გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხისგან, არის სოლიდარობის დასტური, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს სისხლიანი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო მადლიერება პირადად სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მისი პრინციპული, უდრეკი პოზიციისა და დახმარებისათვის, რომელიც გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას. თქვენი სიტყვები და გამოსვლები, ქალბატონო პრეზიდენტო, არის ყველა უკრაინელისთვის იმ მეგობრობის სიმბოლო, რომელიც უკრაინელ ხალხსა და საქართველოს აკავშირებს. ეს არის ზუსტად იმის გამოხატულება, რაც ახლახან უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეგვახსენა, რატომ გააგრძელებს უკრაინა ძლიერ პოზიციაზე ყოფნას და არ გაჩერდება, ვიდრე ბოლო ოკუპანტი არ დაემხობა. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას," – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

დღის ამბები