14 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
დღეს ვიხსენებთ ჩვენი უახლესი ისტორიის ტრაგიკულ და საამაყო ფურცელს, 102 წლის წინ ახალგაზრდები არაპროპორციულ ბრძოლაში შეებრძოლნენ ოკუპანტს, ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა - ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ტაბახმელაში იმყოფებოდა, სადაც 1921 წლის 25 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

"დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი უახლესი ისტორიის ტრაგიკულ და, ამავდროულად, საამაყო ფურცელს. ჩვენი ახალგაზრდები 102 წლის წინ ამ დღეს აბსოლუტურად არაპროპორციულ ბრძოლაში შეებრძოლნენ ოკუპანტს. ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა. მათ შორის, მინდა, სიამაყით გითხრათ, რომ ჩემი წინაპარიც გამორჩეული გმირია – მაკარ ბურჭულაძე. მისი ისტორია შეგიძლიათ, ნახოთ ინტერნეტში. ვამაყობ თითოეული ჩვენი გმირითა და ბავშვებით, რომლებიც ჩვენს მომავალს ქმნიან," – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ 2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

დღის ამბები