15 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ვთვლი, რომ ლევან იოსელიანის კანდიდატურა ახლა არის "ქართული ოცნების" თამაში და ეს არის ერთგვარი მაშველი რგოლი, ამიტომ მე მხარს არ დავუჭერ - ანა წითლიძე

შეძლებს თუ არა ლევან იოსელიანი ომბუდსმენობისთვის საჭირო 90 ხმის მოგროვებას- როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, ამისთვის მას, საჭირო რესურსი გააჩნია. 

პარალელურად ომბუდსმენობის ახლა კანდიდატზე შეფასებები გაკეთდა სხვა პარტიებში. როგორც ირკვევა ლევან იოსელიანს არ ექნება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა. პარტიის არგუმენტი პოლიტიკური გავლენის რისკებია, თუმცა იოსელიანს ღიად დაუჭირა მხარი ოპოზიციის ნაწილმა.

"ფრაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს, ჯერჯერობით, ამ აღნიშნულ საკითხზე ფრაქციას არ უმსჯელია, ჩემი პირადი პოზიცია თუ გაინტერესებთ მე მხარს არ დავუჭერ. მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი პატივისცემისა ლევან იოსელიანის მიმართ, ვთვლი, რომ ლევან იოსელიანი კანდიდატურა ახლა არის "ქართული ოცნების" თამაში და ეს არის ერთგვარი მაშველი რგოლი შედარებით კომპრომისული ვარიანტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შემოგვთავაზა სახალხო დამცველის კანდიდატობაზე,"-აცხასდებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ანა წითლიძე. 

ამასთან, პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, მისი გუნდი არ დაუჭერს არცერთ ისეთ კანდიდატს მხარს, რომელიც  რაიმე ტიპის პოლიტიკური აფილირება აქვს.

რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებას- როგორც რაქვიაშვილი აცხადებს, სხვა კანდიდატებთან შედარებით ლევან იოსელიანის კანდიდატურა კარგია, თუმცა პოზიციის დაფიქსირებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს, მანამ სანამ ომბუდსმენის კანდიდატისგან კონკრეტულ საკითხებზე პოზიციას არ მოისმენს. 

"ლევან იოსელიანის კანდიდატურა ძალიან კარგია, სჯობს ბევრ სხვა კანდიდატურას.  მაგრამ ერთია, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა, თუმცა პოლიტიკური მხარდაჭერა მხოლოდ მაშინ იქნება, როცა გვეცოდინება მისი პოლიტიკური პოზიციები და მიზნები სახალხო დამცველის ნაწილში. მე მაინტერესებს მისი დამოკიდებულება სავალდებულო გაწვევის მიმართ და უკვე ეს პოზიციები როცა საჯაროდ იქნება დაფიქსირებულია, ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას,"-აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები