ხალხის ძალის რეზონანსული პროექტების განხილვა ხვალიდან დაიწყება. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციატივებზე საკომიტეტო ფორმატში იმსჯელებენ.
კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციაში კრიტიკული შეფასებები კეთდება. ხელისუფლების ოპონენტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან "ხალხის ძალის" ინიციატივებს.
პარალელურად, პარტიამ "საქართველოსთვის" საპასუხო კანონპროექტის დაინიცირება დააანონსა. როგორც ბექა ლილუაშვილი ამბობს, პროექტის მიზანია, ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები.
"ამ ინიციატივით, ხელისუფლება ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის. ეს არის ეროვნული, კონსტიტუციური მიზნის შეცვლა, საგარეო ორიენტაციის არევა, რის უფლებაც არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს და არ ექნება. ამიტომ, ვაინიცირებთ კანონის პროექტს, ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ბენეფიციარმა, რომელიც დასავლეთისგან მიღებული დონაციებით სარგებლობს, ხმამაღლა გამოხატოს პროტესტი.
"დონორი ორგანიზაციები და დასავლური გრანტებით ამ ქვეყანაში არის ათასობით ბენეფიციარი სხვადასხვა სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ამ ადამიანმა გამოხატოს თავისი პროტესტი, რა ფორმითაც თვითონ წარმოუდგენია. პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თქვენს პროტესტს, ნებისმიერი ფორმით გამოხატულს," - აცხადებს ანა წითლიძე.