"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციატივებზე საკომიტეტო ფორმატში იმსჯელებენ. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ კანონპროექტებთან დაკავშირებით არა ერთხელ გავრცელდა სპეკულაციური განცხადებები, რომლის მიზანიც მათი დაკნინებაა.
საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი, ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტების ძირითადი აზრი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.
"ძალიან ბევრი სპეკულაცია გავრცელდა ორივე კანონთან დაკავშირებით და სპეკულაციის ძირითადი მიზანი არის, როგორმე დააკნინონ ამ კანონპროექტების ძირითადი აზრი და ძირითადი მიზანი, რაც არის ის, რომ გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა. დაუშვებელია გამოყოფა რომელიმე ქვეყნის. რუსეთი ოკუპანტია და, რა თქმა უნდა, მისი გავლენებისაგან თავი უნდა დავიცვათ. კანონი ეხება ყველა ნეგატიური გავლენისაგან დაცვას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის არც დონორის და ა.შ. საქმიანობის შეზღუდვას. ბენეფიციარები ჩვეულებრივად გააგრძელებენ ნებისმიერი სარგებლის მიღებას," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ პარლამენტში უნდა გაიმართოს მსჯელობა, სადაც არგუმენტირებული აზრების გაცვლა უნდა მოხდეს.
"ნებისმიერ ინიციატივაზე მსჯელობის ადგილი არის საქართველოს პარლამენტი და პარლამენტში უნდა ხდებოდეს აზრთა გაცვლა გამოცვლა და შესაბამისი არგუმენტები. ის განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის, რბილად რომ ვთქვათ, ეს არ არის არგუმენტირებული და მას რეალური საფუძველი არ ჰქონია. შესაბამისად, დაველოდოთ, ვნახოთ როგორი იქნება განხილვის პროცესი, ვის რა არგუმენტები ექნება. ფაქტია, რომ არ ყოფილა ისეთი ინიციატივა პარლამენტში, რომელიც საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში კიდევ უფრო მეტად არ დახვეწილა, არ განუცდია ცვლილება," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.