ვინ შეძლებს სახალხო დამცველის თანამდებობისთვის საჭირო 90 ხმის მოპოვებას და იქნება თუ არა კონსენსუსით შერჩეული ომბუდსმენი ლევან იოსელიანი- კანდიდატის გარშემო პარლამენტში პოზიციები არაერთგვაროვანია.
პარტიების ნაწილისთვის იოსელიანის პოლიტიკური საქმიანობა ნაკლი, ნაწილისთვის კი უპირატესობაა. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი დეპუტატს მხარს ღიად უჭერს. პირად სიმპათიებს არ მალავენ მმართველ გუნდშიც, თუმცა საკითხის უმრავლესობის ფორმატით განხილვას აანონსებენ.
ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ისურვებდა, რომ იოსელიანი დარჩენილიყო პოლიტიკოსად სახალხო დამცველის თანამდებობაზე.
"ცოტა ხნის წინ მე ვიყავი სახალხო დამცველის კანდიდატი და პოლიტიკოსობაზეც არ ვაპირებდი თავის დანებებას. ლევანი, როგორც ვიცი, პოლიტიკურ საქმიანობაზე თავის დანებებას აპირებს სამწუხაროდ. შესაბამისად მე რომ ვუთხრა, არ შეიძლება ლევანი იყოს სახალხო დამცველი იმიტომ, რომ ის პოლიტიკოსია, მგონი არ გამოჩნდება სერიოზულად. პირიქით, ეს არ წარმოადგენს ნაკლს, ეს პოლიტიკური თანამდებობაა და ვისურვებდი, რომ ლევან იოსელიანი დარჩენილიყო პოლიტიკოსად სახალხო დამცველის თანამდებობაზე,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.
ლევან იოსელიანის კანდიდატურას სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს დაუჭერს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია.
"არ გვყავს ჩვენი კანდიდატურა და რაც შეეხება განცხადებას "მოქალაქეების" მხრიდან, რომ ისინი აყენებენ კანდიდატად ლევან იოსელიანს, პირადად მე მხარს დავუჭერ. რაც შეეხება პოლიტიკურ ჯგუფს ჩვენ განვიხილავთ და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ,"-აცხადებს ფრიდონ ინჯია.
ავტორი: ანუკა ბუავა