15 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
"ეს კანონი არის მავნებლობა და არ მგონია, საღ აზრზე მყოფი ადამიანი ამ კანონს დაუჭერს მხარს" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. განხილვის ერთ ერთი მთავარი თემა ხალხის ძალის ინიციატივებია. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტების განხილვა ხვალ საკომიტეტო ფორმატში დაიწყება.

საკითხზე მწვავე დისკუსია გრძელდება. ოპოზიცია პროექტებს მხარს არ უჭერს, უფრო მეტიც, ინიციატივებს მავნებლობას უწოდებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი კანონპროექტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ჯანსაღი აზროვნების ადამიანი აღნიშნულ კანონს მხარს არ დაუჭერს.

"ეს კანონი არის მავნებლობა და არ მგონია, საღ აზრზე მყოფი ადამიანი ამ კანონს დაუჭერს მხარს. მით უმეტეს, რომ ქართულმა ოცნებამაც ფაქტობრივად უკან დაიხია და ვენეციის კომისიაში გაგზავნა გარკვეული ნაბიჯი იყო. პრეზიდენტის ვეტო თეორიულად შეიძლება დაძლეული იყოს, მაგრამ ის, რომ ეს წინასწარ არის გაცხადებული, კიდევ დამატებით მიუთითებს, რომ ამდენი ძალიან განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანები რაღაცაზე რომ თანხმდებიან, ქართულ ოცნებას მოუწევს რომ ეს გაითვალისწინოს," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი, ლევან იოსელიანი კანონპროექტის მიღებას საშიშს უწოდებს. 

"საშიშია ამ კანონპროექტის მიღება. სამოქალაქო სექტორის და კონკრეტულად უკვე ფიზიკური პირების, ვინც დასაქმებულია სამოქალაქო სექტორში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათი სტიგმატიზაციისთვის. მარტივი იქნება მათთვის ჯაშუშის იარლიყის მიკერება. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ისეთი დიდი ხნით დაედება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას ვეტო, რომ ამ ვეტოს დაძლევას ჩვენი ქვეყანა ალბათ ათწლეულების მანძილზე ვეღარ შეძლებს,“ - აცხადებს ლევან იოსელიანი.

დღის ამბები