"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტების განხილვა ხვალ საკომიტეტო ფორმატში დაიწყება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ საკანონმდებლო პროექტების განხილვა გამჭვირვალედ მოხდება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამოა, როდესაც კონკრეტული საკითხის განხილვასაც კი ტაბუ ედება.
"მე რაც მოვისმინე, დემოკრატიის სახელით ხალხი გვთავაზობს რომ ტაბუ დავადოთ კონკრეტულ საკითხს და თითქოს, საკითხის განხილვაც კი არადემოკრატიულია. ესეთი მიდგომა არის შეუთავსებელი დემოკრატიის ელემენტარულ პრინციპებთან. პრინციპი, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და იყოს კონკრეტული ვებ გვერდი, სადაც მოხდება ამ ყველაფრის ადმინისტრირება, ეს არამგონია, ვინმეს რაიმე დისკომფორტს უქმნიდეს. უქმნის ვინმეს კონკრეტული ტერმინოლოგია, კონკრეტული საკითხები დისკომფორტს? მაშინ ვიმსჯელოთ, რატომ, რა არის ამის დასაბუთება. ამასთანავე, ეს საკითხები გადაზღვეული იქნება იმით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ცუდია, როდესაც ჯერ კანონპროექტის განხილვაც კი არ არის დაწყებული და პრეზიდენტი მასზე ვეტოს დადებას აანონსებს.
"სწორედ ის, რომ ჯერ კანონპროექტის განხილვაც კი არ არის დაწყებული და პრეზიდენტი აანონსებს ვეტოს, ეს არის ზუსტად იმის მტკიცებულება, რომ სამწუხაროდ, ისიც ერთვება ამ პროცესში, რასაც ჰქვია კანონპროექტის დეტალებში არავინ შევიდეს და უბრალოდ ნარატივი იყოს, ვითომ რუსული კანონია და ა.შ. ძალიან ცუდია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შედის ამ თამაშში, რასაც ჰქვია წინასწარ კანონის განხილვამდე, არა თუ მიღებამდე, რაღაც ტიპის იარლიყების მიწებება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს, რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტი და არც ერთი სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.