პარლამენტში, სადაც "უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტების საკომიტეტო განხილვა უნდა დაწყებულიყო, ხმაური და დაპირისპირება ისევ გრძელდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები კვლავ მოითხოვენ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დასწრებას.
როგორც აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი უფრო მასშტაბურ და წინააღმდეგობრივ სახეს მიიღებს.
"რაც აქ ხდება დღეს, საქართველოს პარლამენტში, სადაც უნდა ყვაოდეს ქართული დემოკრატია და სადაც უნდა ვმსჯელობდეთ საზოგადოება იმაზე, თუ როგორ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოებისკენ და თავისუფლებისკენ, დღეს ხდება ის, რომ გააქვთ პრორუსული კანონი კომიტეტზე განსახილველად. კომიტეტზე დასასწრებად არ უშვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ვაკრიტიკებთ და ვეწინააღმდეგებით ამ კანონს, მიუხედავად იმისა, რომ ამის სრული უფლება გვაქვს და შეუშვეს შიგნით ჩუმად და მოულოდნელად "ხალხის ძალის" წარმომადგენლები. რეალურად ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების და რამდენიმე მედიის პრობლემა კი არ არის, ეს არის ამ ხალხის მცდელობა საქართველოში დიქტატურა დაამყარონ და მოსპონ თავისუფლების ბოლო კუნძულები, და თუ არ გინდათ რომ ეს მოხდეს, იყავით ჩვენს გვერდზე - ხვალ, ზეგ და ამ უახლოეს დღეებში. გეგმა არის წინააღმდეგობა ყველგან, ვისაც როგორ შეუძლია, არამარტო თბილისში და პარლამენტში. თავისუფლებაზე შეტევა იმდენ კოცონს დაანთებს ამ ქვეყანაში, რომ დაწვავს ყველას, ვინც იქნება თავისუფლების წინააღმდეგ," - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.