პარლამენტში, სადაც რამდენიმე წუთში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, კანონების მიღების მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელი, გურამ იმნაძე ამბობს, რომ ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი განსხვავებული აზრის გაჩუმებაა. მისი თქმით, თუ ქვეყანაში ვინმეს აქვს გამჭვირვალეობის პრობლემა, ეს თავად ხელისუფლებაა.
"ეს კანონპროექტი არის რუსული, მისი შინაარსი არის რუსული, მისი განხილვაც მიმდინარეობს რუსული წესებით. მმართველმა გუნდმა მათთვის თანხმობის მქონე აზრი შემოიკრიბა დარბაზში და განიხილავს კანონპროექტს ისე, რომ განსხვავებული კრიტიკული აზრის მოსმენაც კი არ უნდა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ამ კანონპროექტს მხარს ვინც დაუჭერს, თითოეული დეპუტატის სახელი და გვარი ძალიან კარგად, ყველასთვის გასაგები იქნება. ეს არ იქნება კრებსითი "ქართული ოცნების" კანონპროექტი, მისი ხელმომწერები იქნებიან ინდივიდუალური ადამიანები, რომელთა შესახებაც ყველა გაიგებს, რომ მათ ამ მავნებლურ, რუსულ კანონპროექტს მოაწერეს ხელი და ისინი პირდაპირ კლავენ ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივას.
ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის გაჩუმებას, განსხვავებული აზრის დისკრედიტაციას. გამჭვირვალობის პრობლემა ამ ქვეყანაში თუკი ვინმეს აქვს, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით იშენებს საკუთარ, პირად ცხოვრებას და როდესაც ჩვენ ამაზე კრიტიკულად ვსაუბრობთ, სწორედ ამ კრიტიკის მოსმენა არ უნდა ხელისუფლებას," - განაცხადა იმნაძემ.