ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც განიხილავენ "ხალხის ძალის" ინიციატივებს.
ავტორებმა წარადგინეს პროექტების პრინციპები, რომელიც პრინციპულად მიუღებელია ოპოზიციისთვის. კამათის, ყვირილის, შეურაცხყოფის, მწვავე რეპლიკების ფონზე მიმდინარეობს განხილვა - ოპოზიცია პროექტებს უწოდებს "რუსულ კანონს," რომელიც მესამე სექტორის, მედიის და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ არის მიმართული.
"არგუმენტი არ გაქვს და რეიტინგზე მელაპარაკები - ქვეყანას ანგრევთ, თქვე საცოდავებო და რეიტინგზე მელაპარაკებით? ისე აშინებთ ამ ადამიანებს, ცოტა ხანში ამ ქვეყანას არ ეყოლება ერთი ადამიანიც კი, ვინც ქვეყნის ინტერესებს დაიცავს. თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინო, ირაკლი, "დავაი“, თავი დამანებე, რომ ვლაპარაკობ, ნუ მერევი, შე უზრდელო. თუ "კაიფობ," რომ წყობიდან ვარ გამოსული იმის გამო, რომ ქვეყანას ანგრევთ? თქვენ ხართ ამ ქვეყნის მტრები, ქვეყნის პუტინის და რუსეთს გზაზე გამყენებლები,"- განაცხადა ოპოზოციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.
საპირისპიროა უმრავლესობის შეფასება. დეპუტატების ეს ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროექტებიდან ერთ-ერთი ამერიკული მოდელის ანალოგია. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, პროექტები გაიგზავნება ვენეციის კომისიაში - კომმისია კი არ გასცემს რეკომენდაციას, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას ხელს შეუშლის - აცხადებენ ქართულ ოცნებაში.
სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება სხდომა.