რადიკალური ოპოზიცია და NGO-სექტორი იგივე მესიჯბოქსს აჟღერებენ - ყოველგვარ შინაარსზე საუბრის გარეშე, იარლიყების მიწებება გრძელდება, - აცხადებს "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი.
მისივე თქმით, მოვა დრო, როდესაც თავად ევროპული ქვეყნები მიესალმებიან საქართველოს დღევანდელ პრინციპულ პოზიციას.
"ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით იმას, რაც აქამდეც ვთქვი: თუ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და გვსურს, ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ, პირველი, რაც ამ ევროპულ ოჯახში ფასდება, არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია, გამჭვირვალობა და განსხვავებული აზრის მიმღებლობა. ესაა ის ფუნდამენტური უფლებები, რომლებზეც შეჯერებული ვართ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დემოკრატიული და ამას ჩვენი კონსტიტუციით ვადასტურებთ. სწორედ კონსტიტუცია მოჰყავთ მაგალითად და ამბობენ, რომ თითქოს, ჩვენ კონსტიტუციას ვარღვევთ და ეს ანტიკონსტიტუციური აქტია. მინდა, კითხვა პირიქით დავსვა: მე ვარ უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატი, რომელმაც, კოლეგებთან ერთად, დაინიცირებული კანონპროექტები კომიტეტის სხდომაზე უნდა განიხილოს. და რა ხდება ამის გარშემო? გვამუნათებენ, ჩვენ წინააღმდეგ სტიგმატიზაციას ცდილობენ, ყოველგვარი შინაარსის, პარალელების გარეშე, ინიცირებულ დოკუმენტებს რუსულ კანონს არქმევენ და ყველას მოუწოდებენ: „არც კი განიხილოთ! არც დაუშვათ ამ კანონის განხილვა“. სწორედ ეს არის ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული, დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე. გავა დრო და ამ ჩვენს პრინციპულ პოზიციას სწორედაც მიესალმებიან და გაიზიარებენ. თუ ევროპასა და ევროკავშირს გადარჩენა უწერია, სწორედ ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს პრინციპულ პოზიციას - რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გამჭვირვალე პროცესის დაწყება და ნებისმიერი კანონმდებლობის მსჯელობით განხილვა ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული ვერ იქნება. დაიმახსოვრეთ, მოვა დრო და ის ქვეყნები ამას მიესალმებიან. ჩვენს ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას, შინაარსში არავინ შემოდის და პირდაპირი მოწოდებაა: „შინაარსი არ გვინდა, შინაარსი არ გვინდა!“. რას ნიშნავს ეს?! ეს რა მოწოდებაა?! სად გაგონილა მსგავსი რამ?! არ უნდა დაუსვან საკუთარ თავებს კითხვა, თუ რას უშლიან პარლამენტის წევრს?! პარლამენტის წევრს, საკანონმდებლო ორგანოში, საკანონმდებლო ინიციატივას უკრძალავენ და ეს დემოკრატიულია? თუ რუსულ კანონს არქმევენ, ხომ უნდა შევადაროთ, რაში გამოიხატება, რომ რუსულია? მეორე მხრივ, პირდაპირ ვთარგმნეთ ამერიკული კანონი და იმასაც რუსულს უწოდებენ. შინაარსში არავინ შემოდის“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.