ცარიელი ისტერია სხდომათა დარბაზში და პარლამენტის შენობის წინ - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვისას, კომიტეტების სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, კანონპროექტების ინიციატორებმა ოპონენტების მხრიდან დასმულ კითხვებს არგუმენტირებულად უპასუხა. მანვე აღნიშნა, რომ კანონი ქვეყანაში ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციასა და მეტ გამჭვირვალობას.
"ჩვენ ვნახეთ ცარიელი ისტერია, ჯერ სხდომათა დარბაზის გარეთ, შემდეგ უკვე შენობის წინ. მაგრამ, როდესაც საფუძველი არ აქვს ამ ისტერიას, ძალიან მარტივად სრულდება ხოლმე და ეს ასეც მოხდა დღეს. იყო ცარიელი უარგუმენტო კომენტარები, კონკრეტულ კანონპროექტებთან დაკავშირებით. ჩვენი წარმომადგენლების, ასევე ხალხის ძალის წარმომადგენლების მხრიდან იყო არგუმენტირებული პასუხები.
ეს არის საერთო სურათი რაც დღეს საზოგადოებამ იხილა. ყველას შეუძლია დარწმუნდეს იმაში, რომ იქიდან იყო ნული არგუმენტი და აქედან იყო აბსოლუტურად არგუმენტირებული მსჯელობა.
ეს კანონი არის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას, ბუნდოვანების აღმოფხვრას და ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოში დეპოლარიზაცია წარმატებით განხორციელდეს. დეპოლარიზაცია არის ერთ-ერთი პუნქტი 12 პუნქტთაგან, რომელიც არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.