15 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
რა უნდა ჰქონდეს ასეთი დასამალი, რომ საკუთარი ქვეყნის [ამერიკის] კანონზე თქვას, რომ ეს არის რუსული.- გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს ელჩზე  

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონპროექტების განხილვა მომავალი კვირიდან გაგრძელდება. 

პარლამენტის ორმა კომიტეტმა კი პროექტებს მხარი უკვე დაუჭირა. საუბარია საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის გაერთიანებულ კომიტეტებზე. კანონპროექტების მხარდაჭერამდე დოკუმენტების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ამასთან, პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი აცხადებს, რომ ოპონენტების კრიტიკა არგუმენტს მოკლებული და უსაფუძვლოა.

გურამ მაჭარაშვილი ამბობს იმასაც, რომ ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც კანონს ბოიკოტს უცხადებენ, კანონპროექტის შინაარსში არ შედიან. 

"თუ თქვენ, მედიას ორივე კანონპროექტი წაკითხული გაქვთ და თუ თქვენ იტყვით, რომ აქ არ არის ის პუნქტები, რაც არის ამერიკის კანონში, მე შემიძლია მუხლობრივად გითხრათ, რომ ეს ასე არ არის და ზუსტად ასლია ამერიკული კანონისა და გუშინ ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

თუ თქვენ იცით, რომ ეს არის ზუსტად ამერიკის კანონის ასლი, ასევე ჩვენი დაინიცირებული ქართული ვარიანტი, ამერიკიდან აღებულია, მაგრამ იქ არის უფრო შერბილებული ხასიათის სანქციები და გავრცელების მასშტაბები, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენ თავის დროზე დავაინიცირეთ იყო იდეალური და ოპტიმალური.

ეს როგორ გახდა რუსული, ძალიან მარტივად გასაგებია. ჩაიხედეს და ნახეს, რომ საწინააღმდეგო არგუმენტები არ აქვთ და მოიფიქრეს, რომ დავარქვათ რუსული, არ შევიდეთ განხილვაში- რასაც აკეთებენ კიდეც.

იმიტომ, რომ არასდროს ისინი შინაარსზე არ საუბრობდნენ, იქიდან მუხლი და პუნქტი არასდროს არ მოუყვანიათ, არ გაფიქრებთ ეს ფაქტი რატომ?! ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი ნარატივია შექმნილი.

რამხელა დასამალი პროცესი უნდა ჰქონდეს, ამერიკის ელჩი იქნება თუ ევროპიდან ნებისმიერი თანამდებობის პირი ამ პროცესში, რა უნდა ჰქონდეს ასეთი დასამალი, რომ საკუთარი ქვეყნის(ამერიკის) კანონზე თქვას, რომ ეს არის რუსული. წარმოგიდგენიათ, როგორ არ უნდა უნდოდეთ ფინანსური გამჭვირვალობა, რომ საკუთარი ქვეყნის კანონზე თქვას, რომ ეს არის რუსული,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.  

დღის ამბები