15 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
ასოცირების შეთანხმების ყველა მუხლი მოითხოვს ანგარიშგებასა და გამჭვირვალობას, ოღონდ არა გაურკვეველ ვებგვერდზე მიფუჩეჩებული, არამედ იქ, სადაც საზოგადოებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება- ეკა სეფაშვილი

"ხალხის ძალის" კანონი ეხება აბსოლუტურად და რეალურად ევროპულ ღირებულებას - გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. დიახ, ასოცირების შეთანხმების თითქმის ყველა მუხლში მიმიღია მონაწილეობა და ლამის ყველა ევროდირექტივა მაქვს წაკითხული - ჩემი მუშაობის განმავლობაში, სწორედ ამ ევროინტეგრაციის საკითხებზე ვმუშაობდი და ასოცირების შეთანხმების თითქმის ყველა მუხლი მოითხოვს ანგარიშგებას, გამჭვირვალობას, ინფორმაციის ადვილად ხელმისაწვდომობას.

ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სადღაც, გაურკვეველ ვებგვერდზე მიაფუჩეჩო ეს ინფორმაცია, ვერავინ რომ ვერ იპოვოს, არამედ იმას, რომ საზოგადოებამ ინფორმაცია იოლად გაიგოს და ის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს", - აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი.

მისივე თქმით, "ხალხის ძალის" მიერ მომზადებული კანონპროექტების მოწინააღმდეგეები ვერ ასაბუთებენ, დოკუმენტების რომელი ნაწილი არ მოსწონთ. 

"ვერ ასახელებენ კანონპროექტებში რა არ მოსწონთ. მსჯელობაში საერთოდ არ მოგყვებიან, თუმცა, როგორც კი მოგვყვებიან, იმ წამსვე გვეთანხმებიან, რომ - კი, გამჭვირვალობა გვინდა. მერე გადადიან შემდეგ მიზეზზე, რომ თურმე სახელი არ მოსწონთ. ვეუბნებით, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამ სახელზე, ოღონდ ჯერ პრინციპებზე შევთანხმდეთ და სახელი მეორე მოსმენისთვის გადავდოთ.. არ ეხება ეს კანონპროექტი კერძო, ინდივიდუალურ პირებს, არ ეხება ბენეფიციარებს, რომლებსაც ისინი აშინებენ, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დახმარებას ვეღარ მიიღებთო; ერთადერთი, რასაც ეს კანონი მიზნად ისახავს, არის ის ინფორმაცია, რომ ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი, რომელიც ახლა არ არის. მხოლოდ რამდენიმე კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს ამ ინფორმაციას, თორემ ვალდებულება არ აქვთ. ჩვენ ამ ვალდებულებას კანონით ვუსაზღვრავთ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვალდებულება მოგვთხოვა ევროსაბჭოს ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval). სწორედ მის 2020 წლის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ საქართველოსთვის საფრთხის მატარებელია არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალობის საკითხები და საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდებენ, მიიღოს ზომები და რეგულაციები, რომ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრობლემა გამოასწორონ", - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები