თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ამერიკული ვარიანტი საკმაოდ ხისტი და მძიმეა, ხოლო ქართული ვარიანტი ლიბერალურია და მხოლოდ გამჭვირვალობას მოითხოვს.
"წარდგენილია ორი კანონპროექტი. ერთი ზუსტი ანალოგია იმისა, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზუსტად ნათარგმნი და გადმოტანილია. მე არ მგონია, რომ ამერიკაში რუსული კანონპროექტები აქვთ. ამერიკაში თუ რუსულ კანონპროექტებს იღებენ, ეს ჩემთვის სიახლეა.
ჩემი დამოკიდებულებით, ეს ამერიკული ვარიანტი, საკმაოდ ხისტი და მძიმეა. ასევე, არის მეორე, ქართული კანონპროექტი, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია და ერთადერთი, რასაც მოითხოვს, გამჭვირვალობაა. ეს იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან ფინანსდება, სხვა არაფერი. აბსოლუტურად არ მესმის, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. გარდა ამისა, არაერთხელ განაცხადეს, რომ ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, შესაბამისად, მათ დასკვნებს დაველოდებით," - აცხადებს კახა კალაძე.
მმართველ გუნდში ასევე ამბობენ, რომ ოპოზიციას რეალური არგუმენტები არ გააჩნია ამ კანონპროექტების საწინააღმდეგოდ.
"ფაქტობრივი უზუსტობა და ფაქტობრივი შეცდომაა. ახლა რაც არ უნდა მიჰყვეს პიარული მხარდაჭერა, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი, სინამდვილეში ვერ აქცევს ამ კანონპროექტს რუსულად. იმიტომ, რომ ეს არის თარგმანი და თარგმანის უფრო შემსუბუქებული ვარიანტია, პირველად რაც იყო ინიციირებული. ამიტომ გამორიცხულია საუბარი, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი. მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ განხილვების დროს წინასწარ რაღაც იარლიყები გაუკეთდეს კანონპროექტებს, ადგილწარმოშობასთან დაკავშირებით. ეს არ არის სწორი ჩვენ შეგვიძლია საღად აზროვნება.
მაგალითად იყო მცდელობა პირველი განხილვის დაწყებისას, რომ ხელი შეეშალათ, ამ განხილვის დაწყებისთვის, სადაც რა საკვირველია გამოჩნდებოდა, რომ არავითარ რუსულ კანონზე საუბარი არ არის. არ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც დრამატული ცვლილებები შეიძლება მოხდეს, იგივე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაში," -აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.