15 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
ნებისმიერი ფორმა მისაღებია მაშინ, როდესაც კონსტიტუციიდან გასვლას ახდენს ხელისუფლება - თეონა აქუბარდია

გუშინ, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონპროექტების ხმაური განხილვა დილიდან პოლიტიკური განხილვის საგანია.  

ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც გუშინ, საკომიტეტო განხილვაში იყო ჩართული, ამბობენ, რომ მათთვის პროტესტის ნებისმიერი ფორმა მისაღებია, რომელმაც საბოლოო ჯამში კანონპროექტის მიღებას ხელი უნდა შეუშალოს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ მოქალაქეების ვალდებულებაა, ყველა მეთოდით გააპროტესტონ ქვეყნის მიტაცების მცდელობა.

"ნებისმიერი ფორმა არის მისაღები, მაშინ როდესაც კონსტიტუციიდან გასვლას ახდენს ხელისუფლება. თქვენ ნახეთ, რომ არგუმენტირებული მსჯელობა მათთვის არაფერს არ ნიშნავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებაზე, შესაძლებელია ასე მშვიდად ამ ყველაფერის ყურება? იყო საშვები პლატფორმისთვის კომიტეტებიდან დაშვებული. ამიტომ, თქვენ ვერ იტყვით, რომ ოპოზიციის შემოყვანილ ხალხი იყო იქ. ეს იყო პარლამენტის მხრიდან გაცემული საშვები. რეგლამენტი დაარღვია გუშინ ქართულმა ოცნებამ ცალსახად," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა "ანტიკორუფციული მოძრაობის" თავმჯდომარემ, ვასო ურუშაძემ. 

"საქართველოს მოქალაქეების ვალდებულებაა, პასუხისმგებლობაა პირველ რიგში ჩვენი წინაპრების წინაშე, ჩვენი მომავალი თაობების წინაშე, რომ ყველა მეთოდით, ყველა ხერხით წინ აღვუდგეთ საქართველოს მიტაცების სპეცოპერაციას," - ამბობს ვასო ურუშაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის არათანმიმდევრულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ კოლეგების ნაწილის ქმედებები აზიანებს საპროტესტო მუხტს.

"პრობლემაა არათანმიმდევრულობა, მათ შორის ჩემი კოლეგების, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთდროულად კომიტეტის ჩატარება დაიწყო ან კომიტეტის ჩაშლა. ისე გამოვიდა, რომ ჩემი კოლეგების ნაწილმა უბრალოდ კამერების წინ იჩხუბეს, დრამა დადგეს და წავიდნენ. თუ ჩხუბობ, მაშინ კამერების იქეთაც უნდა იჩხუბო. თუ არ აპირებ ჩაშლას, მაშინ დრამას რატომ დგამ და ხალხს მაინც აუხსენი, რამდენად მავნებლური კანონია და არგუმენტირებული პოზიცია დაიკავე. ეს არათანმიმდევრულობა და გაუაზრებელი აქციები, პირიქით, მუხტს კლავს," - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები