"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონპროექტების ხმაური განხილვა შეფასებების თემაა. ინიციატივების ავტორი "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მათ ოპოზიციის მხრიდან არ მოუსმენიათ არგუმენტირებული შენიშვნები.
საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილის გუშინდელი ქმედებები სხდომის ჩაშლას ემსახურებოდა და იმას, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ.
"ბევრი მტკიცებულებების მოპოვება არ დაგვჭირდება იმაზე, რას ემსახურებოდა გუშინდელი რადიკალური ოპოზიციის ქმედებები- ემსახურებოდა სხდომის ჩაშლას, ემსახურებოდა იმას, რომ ნორმალური პროცესი ქვეყანაში არ იყოს, არეულობა შემოიტანონ და ა.შ. აქ ამაზე ბევრი საუბარი აღარც არის საჭირო. თავადაც აღიარებენ და არ მალავენ იმას, რომ მათ უნდათ რომ აქ იყოს არეულობა, აქ იყოს გამოსვლები, საბოლოო ჯამში მივლენ იქამდე, რომ იყოს აქ იყოს მეორე ფრონტი და ა.შ. იმიტომ რომ ერთი ერთში საუბრობენ ისე, როგორც საუბრობენ ამას ზოგიერთი მათი უცხოელი პატრონები,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
გუშინდელი მოვლენების შეფასების დროს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მცდელობა ისტერიული ფონის შექმნა იყო.
"გუშინ რაც ვნახეთ, ეს ნიშნავდა საკუთარი არგუმენტების დეფიციტი გადაეფარათ ამგვარი მეთოდებით. ეს არ არის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, მათ შორის დეპუტატის მოვალეობების პერსპექტივიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დეპუტატი მოვალეა, რომ ყველა რაციონალური არგუმენტის ირგვლივ, მსჯელობა იქონიოს. ისტერიული ფონის შექმნა იყო მათი პირველი მცდელობა და ამოცანა იმისთვის, რომ არ წარმართულიყო საგნობრივი საუბარი ამ კანონპროექტის ირგვლივ," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.