"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონპროექტების ხმაურიან განხილვასა და გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თბილისის მერმა. კახა კალაძემ თქვა, რომ ოპოზიციის ქმედებები გაუგებარია. მისი თქმით, ერთადერთი მცდელობა, რაც იყო, არის ის, რომ კანონპროექტს რუსული იარლიყი მიაკერონ.
"ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია მათი პოზიცია და ისტერიკა, რაც გუშინ ვნახეთ. არავინ არ საუბრობს შინაარსზე, თუ რატომ არის ეს კანონი პრობლემა. არანაირი კონკრეტიკა, არანაირი შინაარსში შესვლა, ერთადერთი რაც მცდელობა ჰქონდათ, არის რომ ამ კანონპროექტს მოახვიონ შლეიფი, რომ თითქოს ეს არის რუსული კანონი. თუ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშნები აქვს შინაარსთან დაკავშირებით, სახელწოდებასთან დაკავშირებით და ა.შ. პარლამენტი ამისთვის არსებობს, რომ გაიხსნას დისკუსია და იმსჯელონ ამ საკითხზე," - აცხადებს კახა კალაძე.