თუ გამომდინარეობს ეს შეფასება იქიდან, რასაც ადგილობრივი, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები ან ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი, ეს პირიქით უხერხულ მდგომარეობაში აღმოაჩენს შეერთებული შტატების სახელით მოსაუბრე ადამიანებს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის აზრით, კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები აშკარად გადაჭარბებული და არასწორია.
"ალბათ საინტერესოა რა ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება ხოლმე შეფასებები. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, მაგალითად კანონის ტექსტს თუ არ იცნობს ნედ პრაისი, შეიძლება ეს ჩემთვის სულ არ იყოს გასაკვირი და არც არაკორექტულია ამაში არაფერი თავისთავად. მაგრამ, შეფასებები, ჩემი აზრით, აშკარად გადაჭარბებულია და არასწორია. თუ გამომდინარეობს ეს შეფასება იქიდან, რასაც ადგილობრივი, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები ან ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი, ეს პირიქით უხერხულ მდგომარეობაში აღმოაჩენს შეერთებული შტატების სახელით მოსაუბრე ადამიანებს და სპიკერებს, იმიტომ, რომ გამოდის, რომ კანონი, რომელიც მოქმედებს აშშ-ში, მისი თარგმნა არ ნიშნავს იმას, რომ თარგმნილი ვერსია არის რუსული და ა.შ," - აცხადებს სარჯველაძე.
ცნობისთვის, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში.