"ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი ხმაურიანი კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, აღნიშნული ინიციატივის მიზნებზე საზოგადოებას უფრო მეტ დეტალს გააცნობენ.
"როდესაც მომდევნო სასესიო კვირაში, ხუთშაბათს, მივიღებთ ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით და გავგზავნით ვენეციის კომისიაში, კიდევ უფრო დამაჯერებლად და უფრო მეტ მიზანს ვიტყვი, რისთვისაც გვინდა ამ კანონპროექტების მიღება," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია პარლამენტში "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მიუღებლად მიიჩნევს. კეთდება შეფასებები, რომ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ ეს კანონპროექტი რუსულ კანონმდებლობას იმეორებს და მისი დამტკიცება შეაფერხებს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას. თავად კანონპროექტის ავტორები კი ამბობენ, რომ პროექტი ამერიკული კანონმდებლობის ანალოგია და მხოლოდ ფინანსების გამჭირვალობას ისახავს მიზნად.