15 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
საქართველო არის ევროკავშირის მოკავშირე და უსაფრთხოების საკვანძო პარტნიორი ჩვენს ტურბულენტურ რეგიონში - ირაკლი ბერაია

ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს ევროპაში უსაფრთხოების, დაცულობის პრინციპებს და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში პარტნიორების გვერდით არის.

მისი თქმით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში.

კონფერენცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2012 წლიდან ტარდება, სადაც მონაწილეობენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების შესაბამისი წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

საქართველოს დელეგაცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთისა და საპრეზიდენტო ტრიოს მიერ პირველად იქნა მიწვეული.

"საქართველო არის ევროკავშირის მოკავშირე და უსაფრთხოების საკვანძო პარტნიორი ჩვენს ერთობ ტურბულენტურ რეგიონში, ხოლო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორობა აღწევს უპრეცედენტო დინამიკას. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ერთგული ვართ ევროპაში უსაფრთხოებისა და დაცულობის პრინციპების და ვდგავართ ჩვენი პარტნიორების გვერდით საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.

საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. ჩვენი საერთო ღირებულებების, ჩვენი გამოცდილების, მზაობისა და გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, გვწამს, რომ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს უსაფრთხოების სფეროში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს საქართველოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაში. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთზე უნდა განხორციელდეს მუდმივი და მზარდი წნეხი იმისათვის, რომ მან შეუფერხებლად დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ რეგიონებში და შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. 

დღის ამბები