18 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
დაგვემართება თუ არა მენინგიტი, ან სხვა დაავადება, თუ გარეთ სველი თმით გავალთ - ექიმების განმარტება

გაციების, ფილტვების ანთების, მენინგიტის და სხვა მრავალი დაავადების თავიდან ასარიდებლად, ადამიანები მათი მშობლებისა და ბებია-პაპების რჩევებს დღემდე ითვალისწინებენ. არსებობს უამრავი მითი, რომ სველი თმით გარეთ გასვლა, აღნიშნული დაავადებების ერთ-ერთი უტყუარი წინაპირობაა. შესაბამისად, საინტერესოა, რეალურად გაირკვეს, საზიანოა თუ არა ჯანმრთელობისთვის სველი თმით გარეთ გასვლა. ამ საკითხზე გადაცემა "ექიმებში" სპეციალისტებმა ისაუბრეს.

"თუ თქვენ დილით სველი თმით გარეთ გადიხართ, შეგიძლიათ მშობლები დაამშვიდოთ, რადგან თქვენ არ დაგემართებათ არც ფილტვების ანთება, არც მენინგიტი და არც გაცივდებით. გაციების მსგავსი სიმპტომები, როგორიც არის ცემინება, ფილტვების ანთება, ან მენინგიტი, მათი გამომწვევი მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ მიკროორგანიზმი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ვირუსით, ბაქტერიით, ასევე, სოკოთი და არა სველი თმით," - აცხადებენ ექიმები, თუმცა სპეციალისტები ზამთარში გარეთ სველი თმით გასვლას მაინც არ გვირჩევენ, რადგან სისველისა და სიცივის შეგრძნება გარკვეულწილად იმუნიტეტს აქვეითებს.

"ზამთარში მაინც არ არის რეკომენდებული სველი თმით გარეთ გასვლა. არ გამოვლინდება გაციების სიმპტომატიკა, მაგრამ ამით შესაძლებელია დაზიანდეს თმა და კანი. ცივი ჰაერი, ქარი კანს აშრობს და თმის ძირებში არსებული კანი საფარველი იჭიმება, იქერცლება და შრება, რაც თმას აზიანებს. სველი თმაც შესაძლებელია იმავენაირად გაიყინოს, როგორც წყალი," - ამბობენ ექიმები.

რაც შეეხება სველი თმით დაძინებას, თუ თქვენ სველი თმით იძინებთ, სპეციალისტების თქმით, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ:

"ყველაზე ხელსაყრელი გარემოა თბილი და ნოტიო ჰაერი ისეთი გამოწვევებისთვის, როგორიც არის სოკო და ბაქტერია, ამიტომ თუ ბალიშზე ხშირად ვდებთ სველ თმას და ვიძინებთ, ვიცოდეთ, რომ ამ დროს ბაქტერიებსა და სოკოებს არ სძინავთ და მრავლდებიან, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, სიწითლე, ქავილი, ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს თმის ცვენას.

ექსპერტების რეკომენდაციაა თავის დაბანის შემდეგ უმჯობესია თმა შეიშროთ ფენით, ან ვაცადოთ თმას ბუნებრივად გაშრეს," - აცხადებენ ექიმები.

დღის ამბები