საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეხვედრა დასრულდა. პარტიები "ხალხის ძალის" მიერ წარმოდგენილი ამერიკული კანონპროექტების შესახებ მსჯელობდნენ, რომლის განხილვაც ხვალ იურიდიული კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.
ოპოზიციონერი დეპუტატები კონკრეტულ გეგმებზე ვერ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ოპოზიცია კომიტეტის სხდომაზე ერთიანი სახით იქნება წარმოდგენილი.
"ხვალ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიცია ერთიანი სახით იქნება წარმოდგენილი. ყველა საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფს აქვს ერთი აზრი, ის, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოში რუსული კანონის მიღება. დავაფიქსირებთ პროტესტს და ყველა შესაძლო ფორმას მივმართავთ, რათა კომიტეტის სხდომაზე ხალხმა გაიგოს, რომ ეს არის რუსული კანონი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
"პროტესტი გაგრძელდება ხვალაც, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ამ პროცესს არ შევაჩერებთ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ "ქართულ ოცნებას", ამ რუსულ საოკუპაციო ძალას მოუწევს პოლიტიკური ძალაუფლების დათმობა ამ ქვეყანაში," - აღნიშნა "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
ე.წ. აგენტების ამერიკული კანონპროექტის განხილვას პარლამენტი ხვალიდან დაუბრუნდება. 6 მარტს დანიშნულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია, როგორც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" , ასევე "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.
კანონპროექტებს მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა. განხილვა როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.