ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კამათია. ოპოზიცია, რომელმაც იურიდიული კომიტეტის სხდომა დატოვა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას ესწრება.
ისინი დღის წესრიგში გარკვეული საკითხების დამატებას ითხოვენ, მანამდე მათ "სტრატეგია აღმაშენებლის" ფრაქციის ოთახში კონსულტაციები გამართეს.
ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მათ გეგმებზე იმსჯელეს და მათი პროტესტი გაგრძელდება როგორც პარლამენტში, ასევე, პარლამენტის გარეთ.
სხდომის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ოპონენტები დაადანაშაულა ხელის შეშლაში, რის შემდეგაც დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოაცხადეს.
პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა მიხეილ სარჯველაძეს მიმართა.
"საქართველოს რომ შემოსეული ჰყავდეს მტერი, თქვენ დღის წესრიგს არ დაამატებდით ადამიანის უფლებებს?! ახლა რომ ადამიანებს კლავდნენ , სადღაც ახალ საკითხს არ დაამატებდით? თქვენ გგონიათ, რომ ახლა არაფერი ხდება? მთელი სტუდენტობა რომ გამოსულია გარეთ. მოვითხოვთ სიტყვას, რისთვის ზიხართ მანდ?"- სალომე სამადაშვილი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ კი სალომე სამადაშვილს სიჩუმისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ ხელის შეშლას ჰგავდა მისი ქმედებები.
"ხმას ნუ უწევთ და შენობით ნუ მომმართავთ! თქვენთვის ეს უფლება არავის მოუცია. ასე არ გამოვა საუბარი, იქნება დამტკიცდება დღის წესრიგი და გაგრძელდება სხდომა. ხელის შესაშლელად აქ არავინ ზის და ეს არაფერს გაძლევთ კარგად დაფიქრდით რას გაძლევთ ეს ყველაფერი,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.