17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
თავდასხმა სასულიერო პირზე - იყო თუ არა შერაცხადი დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული

პირს, რომელმაც ტაძრის ეზოში მღვდელმსახურს დანით ოთხი მძიმე ჭრილობა მიაყენა, დღეს პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულიც შეურაცხად მდგომარეობაში ჩაიდინა, არ გაითვალისწინა.

ადვოკატი სასამართლო სხდომაზე დღეს მისი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბედიაშვილი პატიმრობაში დატოვა.

გამოძიებამ ბრალდებულის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება მოიპოვა. მათ შორის არის დაკავებულის მამის ჩვენება. გამოკითხვის ოქმის შინაარსი "კურიერმა" გაარკვია. როგორც მამა ამბობს,მის შვილს რამდენიმე თვეა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

"გიორგი ბადიაშვილს 2023 წლიდან აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. ის დღემდე გადის მკურნალობის კურსს. სწორედ ამას ვუკავშირებ მის მიერ დანის გამოყენებით მამა ცოტნე თვარაძის ჯანმრთელობის დაზიანებას," - წერია ჩვენებაში.

იყო თუ არა შერაცხადი დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული - ამას ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც უახლოეს დღეებში ჩატარდება. გარდა ამისა, საქმის მასალებში, სავარაუდოდ უკვე დევს კამერების ჩანაწერები, რომელშიც "კურიერის" ინფორმაციით, ჩანს, როგორ ცდილობს მიმალვას სასულიერო პირის დაჭრის შემდეგ დამნაშავე. ამოღებულია დანაშაულის იარაღიც.

მრევლი მომხდარის დეტალებს იხსენებს. დარეჯან ხაინდრავა ვარაუდობს, რომ დამნაშავე მოძღვარს ჩაუსაფრდა და თავს დილით, ლოცვის დაწყებამდე იმ დროს დაესხა, როცა ეკლესიაში არავინ იყო. გიორგი ბედიაშვილი ნუცუბიძის პლატოზე, ტაძართან ახლოს ერთ-ერთ საწყობში მუშაობდა. სასულიერო პირის დაჭრის შემდეგ ის რამდენიმე საათში დააკავეს.

"კურიერი" სასულიერო პირის მეუღლეს ესაუბრა, რომელსაც დანაშაულის მოტივზე ინფორმაცია არ აქვს. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სასულიერო პირი ისევ კლინიკაში რჩება.

დაზარალებულ მღვდელს გამომძიებლები სავარაუდოდ კლინიკაში უახლოეს პერიოდში გამოკითხავენ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის საქმის განხილვა კი, 26 აპრილს დაიწყებს.

დღის ამბები