საქართველოში ერთმანეთს ხვდებოდა ევროპა და აზია, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციის ნაკადები. ქვეყანა ამ ორი სამყაროს კულტურათა თვითმყოფად ნაზავად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, ხოლო მეოთხე საუკუნეში უკვე ქართულად იყო ნათარგმნი სახარება.
"როგორც დასაწყისში აღვნიშნე, საქართველო გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარეობდა და მის კონტინენტთაშორის შემაერთებელი ხიდის ფუნქციას სძენდა აბრეშუმის გზა; საქართველოში ერთმანეთს ხვდებოდა ევროპა და აზია, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციის ნაკადები. ქვეყანა ამ ორი სამყაროს კულტურათა თვითმყოფად ნაზავად იქცა. მოგვიანებით, ანტიკურ საფუძველზე, ჩვენ ერთ-ერთი პირველნი ვამკვიდრებთ ქრისტიანობას, რომელიც თანამედროვე ევროპის უმთავრეს ღირებულებრივ საფუძველს წარმოადგენს; ჩვენმა ქვეყანამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, ხოლო მეოთხე საუკუნეში უკვე ქართულად იყო ნათარგმნი სახარება," - განაცხადა პრემიერმა.