15 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ჩვენი ისტორიის ოქროს ხანის კულტურა, ქართული რენესანსი, შუა საუკუნეებში აგრძელებდა იმ უზენაესი იდეალების დამკვიდრებას, რომელთაც დღევანდელი ევროპა აღიარებს ფუძემდებლურად - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ისტორიის ოქროს ხანის კულტურა, ქართული რენესანსი, შუა საუკუნეებში აგრძელებდა იმ უზენაესი იდეალების დამკვიდრებას, რომელთაც დღევანდელი ევროპა აღიარებს ფუძემდებლურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავდა გამორჩეულად საამაყო მეფე, დავით აღმაშენებელი, რომლის დიდი ძალისხმევისა და გონივრული პოლიტიკის შედეგად XII საუკუნეში საქართველომ არნახულ ძლიერებას მიაღწია.

"ჩვენი ისტორიის ოქროს ხანის კულტურა, ქართული რენესანსი, შუა საუკუნეებში აგრძელებდა იმ უზენაესი იდეალების დამკვიდრებას, რომელთაც დღევანდელი ევროპა აღიარებს ფუძემდებლურად. ჩემო მეგობრებო, საქართველოს ჰყავდა გამორჩეულად საამაყო მეფე, დავით აღმაშენებელი, რომლის დიდი ძალისხმევისა და გონივრული პოლიტიკის შედეგად XII საუკუნეში საქართველომ არნახულ ძლიერებას მიაღწია.

ევროპაში იყო გავრცელებული ლეგენდა პრესვიტერ იოანე ხუცესის შესახებ, ამ ლეგენდარულ პერსონაში სწორედ ქართველი მეფე დავით აღმაშენებელი იგულისხმებოდა. მისი მმართველობის დროს საქართველოში მსოფლიოში ცნობილი მანგანის აკადემიის ანალოგიით ორი დიდი აკადემია შეიქმნა - გელათის და იყალთოს აკადემიები, რომლებიც აღმოსავლურ უნივერსიტეტებს წარმოადგენდნენ.

XII საუკუნეში საქართველოს მართავდა აღმაშენებლის მემკვიდრე თამარი, თამარ მეფე - კეთილგონიერებითა და სიბრძნით გამორჩეული ქალი, რომელიც არა დედოფლად, არამედ მეფედ იწოდებოდა. სწორედ მისი მმართველობის დროს გაჩნდა მსოფლიოში პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ჩანასახი; ამ ეპოქის ნაყოფია ჩვენი არქიტექტურისა და ხელოვნების მრავალი შედევრი, მათ შორის, პოეტური ხელოვნების ერთ-ერთი მწვერვალი, რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", რომელიც საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ქართველთა მსოფლმხედველობას. ენა, რომელზეც ეს უკვდავი ქმნილებაა დაწერილი, ერთ-ერთი უძველესია დღეს არსებულ ენათა შორის; ამ ენას ჩვენ დედა-ენას ვუწოდებთ, რადგან სწორედ იგია ჩვენი იდენტობის უმთავრესი საფუძველი, საიდანაც ქართული სული, ქართველის თვითშეგნება და მსოფლმხედველობა იბადება," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები