15 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ძალიან მშვიდობიანად, პრინციპულად და დაუღალავად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი - ნინო ლომჯარია

რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან, 19:00 საათზე დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან. ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან. მათ ადგილზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები მოაქვთ. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანად, პრინციპულად და დაუღალავად დააფიქსირონ პროტესტი.

"ეს არის ძალიან გულწრფელი, ბუნებრივი პროტესტი და რეაქცია იმაზე, რაც ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ძალიან მშვიდობიანად, პრინციპულად და დაუღალავად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და ვაჩევნოთ მთელ მსოფლიოს, რომ იდენტობა ეს არის ევროპა და ჩვენი არჩევანი ეს არის ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრობა," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, არსებული საპროტესტო აქციის განსხვავება იმაშია, რომ ყველაფრის დაორგანიზება ხდება სპონტანურად სხვადასხვა ჯგუფების მიერ.

"ეს არის ალბათ განსხვავება ყველა აქციისგან, იმდენად ბუნებრივად და სპონტანურად ხდება დაორგანიზება სხვადასხვა ჯგუფების, რომელსაც აერთიანებს მხოლოდ ერთი მიზანი და მიზეზი, ყველას გვინდა ნორმალურ ცივილურ ქვეყანაში ცხოვრება. შესაბამისად, მსგავსი ტიპის პროტესტი სულ გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩვენს სახელმწიფოებრიობას არ დაემუქრება ის საფრთხე, რომელიც ემუქრება," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

როგორც ისტორიკოსი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ამბობს, რაც უფრო მეტი ხალხი გამოვა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, პროტესტს შედეგი ექნება.

"მე ვფიქრობ, რომ ექნება რა საკვირველია აქციას შედეგი, იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი ხალხი იქნება მით უფრო ცხადი იქნება, რომ საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა ეწინააღმდეგება ამ ბანდიტურ არაადამიანურ არაცივილიზატორულ კანონს," - აცხადებს ლაშა ბაქრაძე.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები