15 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
მმართველი გუნდის და ოპოზიციის მიერ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტისა და აქციის პოლიტიკური შეფასებები

"კურსი უკვე განსაზღვრულია, თუმცა არსებობს დაბრკოლებებიც" - "ქართული ოცნების" თავმჯდომარის შეფასებით, ამ გზაზე წინაღობას ოპოზიციის რევოლუციური დღის წესრიგი ქმნის. დეზინფორმაციული კამპანია, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიციის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჯაშუშების იარლიყის მორგებაზე აეწყო.

"რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია იყო სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება" - ასე აფასებს გუშინდელ მოვლენებს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი. ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ აქციის უკან ის ძალები დგანან, რომელთაც უცხო ქვეყნიდან მიღებული დაფინანსების გასაჯაროვება აშინებთ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი კანონპროექტს დიდ მომავალს არ უწინასწარმეტყველებს. ლევან ხაბეიშვილი კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად სადავო საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს.

მოძრაობა ხალხის ძალაში ფიქრობენ, რომ დეზინფორმაციაზე აგებული სტრატეგია წარუმატებლობისთვის არის განწირული. კანონპროექტი კი ავტორების შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით დამტკიცდება.

საერთაშორისო სამართლის ევროპელ სპეციალისტებთან კანონპროექტების გაგზავნა, ქართული ოცნების თავმჯდომარის განმარტებით, განსაზღვრავს რომ ევროპასთან თავსებადობა მმართველი პარტიის მთავარი მიზანია. სახელისუფლებო გუნდის ლიდერის თქმით ოპოზიციის მიერ მართული ვნებათაღელვის გასვლის შემდეგ, საზოგადოება ბევრ კითხვაზე პასუხს მიიღებს.

გამჭვირვალობა რომ ის აუცილებელი მოთხოვნაა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საკანონმდებლო განხილვას ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინიდან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოცემულ დროსა და მომენტში ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა როგორი კანონი სჭირდება.

პლენარულ სხდომაზე ხმაურიანი განხილვისა და პირველის მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ, მოძრაობა ხალხის ძალის კანონპროექტები ვენეციის კომისიაში უკვე გაიგზავნა.

 

დღის ამბები