კრიტიკას, რომელიც საქართველომ დასავლეთიდან კანონპროექტის გამო დაიმსახურა, ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი პასუხობს. გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ მათი ინიციატივა მხოლოდ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, საზოგადოებისა და პარტნიორების პროტესტის მიზეზად კი "ხალხის ძალის" წევრი, პროექტის შინაარსის არცოდნას ასახელებს. მაჭარაშვილი ამბობს, რომ დასავლურ ღირებულებებს არა მათი კანონპროექტი, არამედ ის პროცესები ეწინააღმდეგება, რომელსაც ოპოზიცია ბოლო პერიოდში ახორციელებს.
პარტნიორებისგან კრიტიკა ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად ისმის. დასავლეთში ფიქრობენ, რომ კანონპროექტის დამტკიცება ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნის. განცხადებები ისმის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ევროპარლამენტიდან და ევროპული საბჭოდან. პარტნიორები ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყონ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ეს კრიტიკა სრულიად მისაღებია ოპოზიციისთვის, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესისთვის აგენტების გავლენის შესახებ კანონპროექტის დამტკიცება საზიანო იქნება.
"გირჩშიც" ფიქრობენ, რომ პარტნიორების მხრიდან პოზიციების დაფიქსირება არათუ საჭირო, არამედ აუცილებელიცაა. მათი აზრით, საპროტესტო აქციები ქალაქის ცენტრში არა ოპოზიციის მოწოდებებმა, არამედ სწორედ ამ დასავლურმა კრიტიკამ გამოიწვია.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კრიტიკის პასუხად, კანონპროექტის შინაარსი დღეს კიდევ ერთხელ განმარტა და თქვა, რომ მისი დაკავშირება ევროინტეგრაციის პროცესთან სპეკულაციურია. მმართველი ძალა პარტნიორებს წინასწარ აჩქარებას არ ურჩევს , უმრავლესობა "ხალხის ძალის" ინიციატივაზე ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.
"ხალხის ძალის" მიერ საკანონმდებლო ორგანოში ორი კანონპროექტია დაინიცირებული.