15 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
საუბარი რომ გამჭვირვალობა ვინმეს ხმას ჩაახშობს, არის აბსურდი - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით,მართველი გუნდის დამოკიდებულება არის ხისტი "სირცხვილიას" დაფინანსების მიმართ, "დროას" დაფინანსების მიმართ, ეკლესიის მაგინებლების მიმართ,- ამის შესახებ "რუსთავი2-ზე" "ღამის კურიერის" ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს "ხალხის ძალის" მიერ მომზადებული კანონპროექტი არის გამჭვირვალობა, საუბარი რომ გამჭვირვალობა ვინმეს ხმას ჩაახშობს, არის აბსურდი.

"ჩვენი დამოკიდებულება არის ხისტი "სირცხვილიას" დაფინანსების მიმართ, „დროას“ დაფინანსების მიმართ, ეკლესიის მაგინებლების მიმართ. ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც ვიღაც აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და შემდეგ ისინი ითხოვენ მთავრობის გადადგომას- ეს ყველაფერი ჩვენთვის არის მიუღებელი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სათანადო დამოკიდებულება,ყველაფერი დანარჩენი უნდა გაირკვეს სამართლებრივად, ვენეციის კომისიამ უნდა შეაფასოს, როგორია ეს დოკუმენტი.

ერთადერთი ჩვენს მიერ პირველი მოსმენით მიღებული დოკუმენტი არის არასამთავრობო ორგანიზიაციების გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა, როგორ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს, ან ევროპულ ინტეგრაციას, ან ამერიკასთან პარტნიორობას- ეს ხომ წარმოუდგენელია. როგორ შეძლება ასეთი კეთილშობილური, დემოკრატიული იდეა არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს, ევროპულ და ამერიკულ იდეას.

ნებისმიერ განვითარებულ ცივილიზირებულ ქვეყანაში, პოლიტიკური პარტიების ფინანსები არის გამჭვირვალე. ამის გამო ვინმემ, სადმე პარტიების ხმა ჩაახშო?! ეს არათუ მცდარი არგუმენტია, ეს უბრალოდ აბსურდია. ერთადერთი რასაც ეს დოკუმენტი ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობა და აქაც მინიმალური სტანდარტია დადგენილი, ეს არის ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის წარდგენა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები